ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მეორედ წავიდა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საკუთარი მისია შეასრულა და პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას ვეღარ ხედავს.
მან თავის სიტყვაში არაერთხელ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არ უხსენებია "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ახსენა ირაკლი კობახიძე და როგორ აფასებს მის საქმიანობას, ღარიბაშვილმა თქვა, რომ პარტიის სხვა ლიდერების ჩამოთვლა საჭიროდ არ ჩათვალა.
"ესეც ჩვეულებრივი სპეკულაციებია, ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. არ ჩავთვალე მიზანშეწონილად, ჩემს განცხადებაში ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი, რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერი და თანამებრძოლია. გუნდი არის ძალიან დიდი, ის შექმნა და ჩამოაყალიბა პარტიის დამფუძნებელმა, ყველა წარმატება, რომელსაც ჩვენმა პარტიამ შექმნის დღიდან მიაღწია ქვეყნისა და ხალხისთვის, დაკავშირებულია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მე გუნდის თითოეულ წევრს წარმატებებს ვუსურვებ და გულწრფელად მჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, "ქართული ოცნება" საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობოს ჩვენს ქვეყანას",- თქვა ღარიბაშვილმა.
მან კობახიძესთან ურთიერთობაზე ჩაკითხვებს კონკრეტული პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ როდესაც პრემიერი იყო, გუნდიდან არავისთან არ ჰქონია რაიმე შეუთავსებლობა ან უსიამოვნება. მისივე თქმით, პრემიერის საქმიანობა ხალხმა უნდა შეაფასოს.
"ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი, ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა ვერ დამისახელებს ვერავინ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც რაიმე საკითხზე გვქონდა შეუთანხმებლობა.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობა, პირველ რიგში, ხალხმა უნდა შეაფასოს და მე რატომ მეკითხებით?!“ - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.