მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერების შეცვლა ყველასთვის ნიშანია, რომ უნდა იყვნენ მუდმივ მორჩილებაში - ლევან კობერიძე

დეპუტატი

მეცხრე მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის აზრით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნება, შეიძლება, „კომპლექსური მიზეზებით იყოს განპირობებული“.
„დრომ გვაჩვენა, რომ ის არსად წასულა; მისი ჩრდილიდან გამოსვლა, შეიძლება, კომპლექსური მიზეზებით იყოს განპირობებული, რასაც დრო გამოაჩენს. ახლა ვერ ვიმსჯელებთ“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი პრემიერ-მინისტრის შეცვლას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილით ხსნის.

- ვფიქრობ, საქმე ძალიან მარტივადაა - ჩემი ვერსიით, ეს უბრალოდ არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი - ყოველ 2 ან 2.5 წელიწადში გამოცვალოს პირველი პირები; ამით ის ყველას ეუბნება, რომ მე ვარ აქ პირველი პირი და არავის არაფერი შეგეშალოთო. საშუალოდ, ორ წელიწადში ერთხელ მთავრობის მეთაურის შეცვლა ყველასთვის ნიშანია, რომ უნდა იყვნენ მუდმივ მორჩილებაში, არ უნდა გამოიჩინონ ზედმეტი ინიციატივა, რადგან ეს მაინც არ დაუფასდებათ, ან უბრალოდ, შეიძლება სხვა ჯგუფის სამიზნე გახდნენ და მოიშორონ. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ქვეყნის მართვის ხარისხზე. საერთო ჯამში, მას აქვს ხელისუფლების შენარჩუნების ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც მათ შორის შიდა გუნდთან დაკავშირებით ძალიან ცხადია.

- და მაინც, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლის ლოგიკა რა არის?

- მართვის სტილში პრინციპი იმიტომ არის პრინციპი, რომ ის უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას. გუნდის შიგნითაც არასდროს არავინ იცის, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ახასიათებს ლიდერებს ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც პოლიტიკური წყობის თვალსაზრისით, თანამედროვე ფეოდალიზმია და ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. შესაბამისად, ეს შიში მუდმივად დაკიდებულია, რასაც ემატება სუსტი პოლიტიკური ოპონენტები, რომელთა ხარჯზე საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხელისუფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები