მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაშვებული კორუფცია“ როგორც "ოცნების“ მმართველობის სისტემა - ინტერვიუ ლევან კობერიძესთან

ბრენდინგ ჯი

კომპანია BRANDING.GE-ის დამფუძნებლის, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლა, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია. „საშუალოდ, ორ წელიწადში ერთხელ მთავრობის პირველი პირის ცვლა ყველასთვის ნიშანია, რომ მუდმივ მორჩილებაში იყვნენ“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას. ინტერვიუში მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მართვის სტილზე საუბრისას ე.წ. „დაშვებულ კორუფციაზე“ გააკეთა აქცენტი, რომელიც მისი აზრით, „ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის მეორე წლიდანვე დაიწყო.

- სხვადასხვა თეორია ვითარდება - რატომ შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, საქმე ძალიან მარტივადაა - ჩემი ვერსიით, ეს უბრალოდ არის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი - ყოველ 2 ან 2.5 წელიწადში გამოცვალოს პირველი პირები.

- რა შინაარსი აქვს მართვის ამ სტილს?

- მართვის ეს სტილი ბიძინა ივანიშვილის მოგონილი არაა. ჯერ - პლატონმა, შემდეგ - მაკიაველმა განავითარა ასეთი სტილი - პირველი პირი არის მთავარი და ამით ყველას ეუბნება ბიძინა ივანიშვილი, რომ მე ვარ აქ პირველი პირი და არავის არაფერი შეგეშალოთ. საშუალოდ, ორ წელიწადში მთავრობის მეთაურის შეცვლა ყველასთვის ნიშანია, რომ უნდა იყვნენ მუდმივ მორჩილებაში, არ უნდა გამოიჩინონ ზედმეტი ინიციატივა, რადგან ეს მაინც არ დაუფასდებათ, ან უბრალოდ, შეიძლება სხვა ჯგუფის სამიზნე გახდნენ და მოიშორონ. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ქვეყნის მართვის ხარისხზე. საერთო ჯამში, მას აქვს ხელისუფლების შენარჩუნების ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელიც მათ შორის შიდა გუნდთან დაკავშირებით ძალიან ცხადია.

- და მაინც, ირაკლი ღარიბაშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლის ლოგიკა რა არის?

- მართვის სტილში პრინციპი იმიტომ არის პრინციპი, რომ ის უზრუნველყოფს თანმიმდევრულობას და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას. გუნდის შიგნითაც არასდროს არავინ იცის, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ეს ახასიათებს ლიდერებს ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც პოლიტიკური წყობის თვალსაზრისით, თანამედროვე ფეოდალიზმია და ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. შესაბამისად, ეს შიში მუდმივად დაკიდებულია, რასაც ემატება სუსტი პოლიტიკური ოპონენტები, რომელთა ხარჯზე საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხელისუფლებას.

- თავად ბიძინა ივანიშვილი რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში მესამედ? - პრემიერების გამოცვლას ისედაც ხომ შეძლებდა?

- დრომ გვაჩვენა, რომ ის არსად წასულა; მისი ჩრდილიდან გამოსვლა, შეიძლება, კომპლექსური მიზეზებით იყოს განპირობებული. ამას დრო გამოაჩენს. ახლა ვერ ვიმსჯელებთ.

- თავად ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ მოსვლის მიზეზების ახსნისას, სუსტი ოპოზიციის ფონზე მმართველი ძალის მოლოდინების და კორუფციის რისკებზეც გააკეთა მინიშნება... რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი?

- რომელ კორუფციაზეა საუბარი, როდესაც „დაშვებული კორუფცია“ როგორც მმართველობის სისტემა „ოცნების“ ხელისუფლებაში დაშვებულია. „დაშვებულ კორუფციას“ ვუწოდებ კორუფციას, როდესაც რაღაც დონემდე ის აძლევს ამ ადამიანებს უფლებას, შესცოდონ, მოიპარონ ბიუჯეტიდან და ა.შ.

- „დაშვებული კორუფცია“ როდიდან გახდა „ოცნების“ მართვის სისტემა?

- ალბათ, ბავშვობაში კალეიდოსკოპში ყველას გაგვიხედია - პრინციპი ერთია - კალეიდესკოპში როცა იყურები და ატრიალებ, ფერადი მინის ნატეხებისგან სიმეტრიული სახეები იქმნება და გეჩვენება, რომ რაღაც ახალი ჩნდება, მაგრამ რეალურად, შიგთავსი არ იცვლება. წარმოვიდგინოთ, კალეიდოსკოპში ოპოზიცია, პოზიცია, მედიის ნაწილი - ყველას არ ეხება. ბიძინა <ივანიშვილი> ყველას გვაძლევს კალეიდოსკოპს, ჩვენ კი ვატრიალებთ და გვგონია, რომ რაღაცეები იცვლება, მაგრამ არაფერიც არ იცვლება, სინამდვილეში. უბრალოდ, ილუზია იქმნება, რომ რაღაც იცვლება. ჩემი აზრით, ამას თავი რომ დავაღწიოთ, კალეიდოსკოპში ხომ ცალი თვალით ვიყურებით, მეორე თვალი უნდა გავახილოთ და უნდა დავინახოთ, რომ სხვა რეალობაც არსებობს. ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ამ წუთას იმართება ქვეყანა ჩვენს ხარჯზე. კორუფციამ ძალიან დიდი მასშტაბებს მიაღწია...

- კიდევ გავიმეორებ კითხვას - „დაშვებული კორუფცია“ როდიდან გახდა მართვის სისტემა - თქვენც ხომ „ოცნების“ გუნდის წევრი იყავით? თუ ყველას მაშინ გეხილებოდათ მეორე თვალი, როცა მმართველი პარტიიდან მიდიოდით?

- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ფაქტობრივად, მეორე წლიდანვე სისტემის დალაგება - „დაშვებული კორუფცია“ დაიწყო და 2016-2020 წლებშიც ეს პრინციპი იყო შენარჩუნებული. ვის უშვებდნენ კორუფციის წყაროსთან, ვინ კურირებდა და ვის ხელეწიფებოდა პირველ პირთან დალაგება ამ თემების, ეს სხვა თემაა. რამდენიმე მაგალითს გავიხსენებ. პირველი - დღემდე არაა დახურული ე.წ. დღგ-ის ყალბი აქტივების საქმე; დეპუტატი როცა ვიყავი, ყველა პრემიერს ვეკითხებოდი, როდის დასრულდებოდა ამ სქემის გამოძიება. ბიუჯეტიდან ვიღაცამ 0.5 მილიარდიდან 1 მილიარდამდე ლარი წაიღო. სავარაუდოდ, ძნელი არაა ამის გამოძიება, რადგან ფინანსური დანაშაულია. საქმე ალბათ გამოიძიეს და პირველმა პირმა - ბიძინა ივანიშვილმა იცის, მაგრამ მაშინ გაასაჯაროებენ, როცა ვინმეს დასჯა დასჭირდებათ. მეორე - კორუფციაა ტელევიზიებში - უძვირესი დეკორაციები, კონცერტები, საიდან ეს ყველაფერი?! იქ დასაქმებული ადამიანები - ხელისუფლების ან ოპოზიციის ერთგულები, გააჩნია, რომელ ტელევიზიაში მუშაობენ - ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც ტელევიზიებმა გადასახადების სახით არ გადაიხადეს სახელმწიფო ბიუჯეტში. იქნება ეს „იმედი“, „რუსთავი 2“ და ა.შ. შემდეგ პერიოდულად ხდება ამ დავალიანებების ჩამოწერა... ასე იყო „ნაციონალების“ დროს, ასეა - „ოცნების“ ხელისუფლების დროს. მოკლედ, დიდი ამოცანა არაა ამოსახსნელი - მმართველობის სტილია „დაშვებული კორუფცია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები