კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელს, ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ერთი თხოვნა აქვს.
„ძალიან დიდი თხოვნა იქნებოდა, რომ [ბიძინა ივანიშვილი] პრაგმატულად მიუდგეს ჩვენს მდგომარეობას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანა არ მივიდეს ცუდ დაპირისპირებამდე“ - თქვა ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.
პაატა ტრაპაიძისთვის გაუგებარია, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება - შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 2028 წლამდე - რასაც ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.
„დღემდე ვერ ვცემ პასუხს კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს „ოცნებამ“. ჩემთვის ეს განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ არ ვიცით ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება; მე ამაში ვგულისხმობ გეოპოლიტიკურ სიტუაციას. შეიძლება, 10 წელიწადი გავიდეს და მერე გავიგოთ და ამოვხსნათ ამოცანა, რატომ მოხდა ეს ამბავი. ამიტომ ნუ ვიქნებით ძალიან რადიკალური, რომ ჩვენ ვიცით ყველაფერი“, - აღნიშნა მან.
ბიზნესმენის აზრით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზა პოლიტიკურ ძალებს შორის და ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის დისკუსიის დაწყებაა.
„დავასრულოთ ცალმხრივი განხილვები. აზრთა ჭიდილს არ აქვს ალტერნატივა. ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რადგან სამშობლო ერთი გვაქვს და გამარჯვებული იქნება ის, ვინც აზრთა ჭიდილში მოიგებს და არა ის, ვისი პოზიციაცაა - „მე ასე მინდა და მორჩა“, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.
ამასთან, ბიზნესმენის შეფასებით, „რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას“.
„რბილად რომ ვთქვა, ქვეყანაში არანორმალური მდგომარეობაა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემი აზრით, კიდევ უფრო ცუდისკენ მივდივართ“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.