„არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პოლიტიკას ვინ უხსნის - ალბათ პრორუსი ექსპერტები ან თვითონ რუსები, რადგან ხედვა, რომელიც მას აქვს, ყველაზე კონსერვატიული რუსული ხედვაა“, - ასე ფიქრობს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი და ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარი თორნიკე გორდაძე. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მმართველმა ძალამ „რუსული კანონი“ უნდა გაიწვიოს და შეცდომა იქნება თუ აშშ და ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან კანონის კომპრომისული ვარიანტის მიღებაზე შეთანხმდებიან. „ვფიქრობ, ვაჭრობაში შესვლა ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ ვაჭრობას თავის გამარჯვებად გამოაცხადებს“, - აცხადებს თორნიკე გორდაძე, რომელიც 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. უფრო ადრე, 2010-2012 წლებში კი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში.
- „რუსული კანონის“ საბოლოოდ დამტკიცებით, რა განაჩენი გამოუტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ თავს და ქვეყანას?
- „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც ეცადა და იმედი მაქვს, საბოლოოდ არ გამოუვიდა, საქართველოს ისტორიული მისიის და მისი მოსახლეობის უდიდესი სურვილების და ოცნებების წინააღმდეგ წასვლა; მმართველი პარტია, რომელიც შეეცადა ქვეყნის ბედი კვლავ დაეკავშირებინა რუსეთისთვის. საკუთარ თავს კი, „ქართულმა ოცნებამ“ გამოუტანა განაჩენი სრული იზოლაციისა, ცივილიზებული სამყაროს თვალში. ეს პარტია და ეს ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ძალიან საშიშ ტრაექტორიაზე მოძრაობს; მათ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და ის გარკვეული ბუნდოვანება, რომელსაც ინარჩუნებდნენ წლების მანძილზე და ცდილობდნენ ევროკავშირისთვის ეთქვათ, რომ აგრძელებენ ევროინტეგრაციის გზას, გამქრალია. ამასთან, ისინი კვლავ ცდილობენ შიდა მოხმარებისთვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შექმნან ილუზია, რომ ღირსებით და საკუთარი პირობებით აპირებენ ევროკავშირში შესვლას... მოჰყავთ ვიქტორ ორბანის მაგალითი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ უნგრეთი ჯერ გახდა ევროკავშირის წევრი და შემდეგ მოხდა ორბანის დეგრადაცია როგორც ანტიევროპული ლიდერის; ასეთ საქართველოს არათუ ევროკავშირის წევრობა, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის არავითარი შანსი არ აქვს.
- „ქართული ოცნება“ ხშირად გვახსენებს, რომ ის არის მმართველი ძალა, რომლის დროსაც საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდა, უვიზო რეჟიმი მიიღო ქვეყანამ და შარშან უკვე კანდიდატის სტატუსიც... დღეს კი, ვხედავთ, მათ მიიღეს „რუსული კანონი“...
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და ასოცირების ხელშეკრულების 80% მომზადდა წინა ხელისუფლების დროს. ხშირად არ ვამბობ ამას, რადგან არ მინდა საკუთარ თავზე საუბარი გამომივიდეს. 2012 წლის ბოლომდე ვიყავი მთავარი მომლაპარაკებელი და ტექსტის 99% იყო შეთანხმებული; პრეამბულის რამდენიმე ფრაზა იყო დარჩენილი. „ქართულ ოცნებას“ წილად ხვდა ისტორიული შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის, ამიტომ არც თავისუფალი ვაჭრობის და არც ასოცირების ხელშეკრულებები არაა მათი დამსახურება. რაც შეეხება EU-სთან უვიზო რეჟიმს, დიახ, ნაწილობრივ ეს მათ გააკეთეს, მაგრამ 2012 წლის ბოლოს პროცესი ძალიან წინ იყო წასული და მათ ბოლომდე მიიყვანეს. კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ამ საკითხზე ევროკავშირმა ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არ იყო საქართველოს მთავრობის დამსახურება. სინამდვილეში, ორი მთავარი მომენტი იყო, რის გამოც საქართველომ მიიღო სტატუსი: პირველი - ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილი და მეორე - გეოპოლიტიკური მომენტი, რომელსაც საქართველო უნდა უმადლოდეს უკრაინას და მის თავგანწირულ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. ევროკავშირი როგორც იქნა, მიხვდა ამ რეგიონის მნიშვნელობას თავისი უსაფრთხოებისთვის.
- თბილისში მყოფმა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახნამ თქვა, რომ “ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის”. რატომ უნდა აერჩია „ქართულ ოცნებას“ ეს გზა?
- ძნელი სათქმელია, რასთან არის დაკავშირებული დეკლარირებული საგარეო კურსის ასეთი ცვლილება. ამბობენ, "ღირსებით ევროპისკენო" - რატომღაც „ოცნებას“ მხოლოდ აშშ-ის და ევროპის მიმართ გაუჩნდა ღირსება, თან იმ ქვეყნების მიმართ, რომელთაც უნდა უმადლოდეს საქართველო თავის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. რუსეთის მიმართ კი, ღირსებასთან დაკავშირებული კითხვები არ აქვთ. რამ გამოიწვია საგარეო კურსის ცვლილება? შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ დასაწყისში (2012) არ უნდოდათ შეეშინებინათ დასავლეთი, რადგან მაშინ ის იყო წამყვანი მოთამაშე - გვახსოვს, „ქართული ოცნების“ კოალიციაში იყო რამდენიმე პროდასავლური პარტიაც, მაგრამ თავიდანვე ჩანდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გეოპოლიტიკური ხედვები. თუ გახსოვთ, ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში თქვა, რომ მისთვის მაგალითი იყო სომხეთი, რომელიც მაშინ რუსეთის დომინიონი იყო და დღეს კი, იბრძვის რუსეთის ზეგავლენის გათავისუფლებისგან. ასევე, მას აქვს ნათქვამი, რომ მისი პრიორიტეტი იყო საქართველო გამქრალიყო რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული პრობლემატური საკითხების სიიდან. თავიდანვე ეს იყო მისი ხედვა და კონსპირაციები, რომელიც მას აქვს, რომ თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირად თანხებს და ქონებას ემუქრება; ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი. არ ვიცი, ბატონ ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პოლიტიკას ვინ უხსნის - ალბათ პრორუსი ექსპერტები ან თვითონ რუსები, რადგან ხედვა, რომელიც მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ყველაზე კონსერვატიული რუსული ხედვაა. ეს ხედვა მას ყოველთვის ჰქონდა; როგორც რაციონალური მოთამაშე, იანუკოვიჩის მსგავსად გარკვეული პერიოდი თამაშობდა, სანამ შეეძლო... როგორც რაციონალური მოთამაშე, იანუკოვიჩის მსგავსად, გარკვეული პერიოდი თამაშობდა, სანამ შეეძლო... ბოლო წლებში, ბიძინა ივანიშვილიც განთავისუფლდა ევროპული კომპონენტებისგან. მის პარტიაშიც თუ ვინმე პროევროპულად განწყობილი იყო, დატოვა პარტია და ის დარჩა მარტო იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა ლოიალობაშიც ეჭვი არ ეპარება და მათთან ერთად გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მისი მთავარი მოკავშირე იქნება რუსეთი, რადგან დემოკრატიულად ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ის მზად არ არის დემოკრატიული გზით დათმოს ძალაუფლება, რადგან ჰგონია, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის მას, მის ქონებას. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი აკოპირებს რუსეთში 2012 წელს მიღებულ მთავარ კანონს, რომელიც ვლადიმერ პუტინმა „ბალოტნაიას“ პროტესტის შემდეგ მიიღო. კანონი, რომელიც ძირშივე სპობს საზოგადოების აქტივობას და ყველანაირ პერსპექტივას, რომ ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალოს.
- „რუსული კანონის“ მიღების ყველაზე ლოგიკური ვერსია რა შეიძლება იყოს - რუსეთს არ უნდა, დაუშვას საქართველოს დაწინაურება ევროინტეგრაციის გზაზე თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლების დაკარგვის შიში? თან გვახსოვს, შარშან, ხალხის პროტესტის შედეგად მოუწია მმართველ პარტიას „აგენტების კანონის“ გაწვევა...
- დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი უკან გაიწვია და იყო დაპირება, რომ მას არ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ დღეს საწინააღმდეგოს ვხედავთ, ამიტომ თუ დასავლელი პარტნიორები კვლავ შევლენ დღევანდელ ხელისუფლებასთან გარიგებაში და ეცდებიან კომპრომისის მიღწევას, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მხრიდან კომპრომისი მხოლოდ და მხოლოდ დროებითი, ტაქტიკური იქნება და ამ შეთანხმებას არ დაიცავენ.
- რა იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი - სანქციები?
- „რუსული კანონი“ უნდა იქნეს გაწვეული ან არ უნდა ამოქმედდეს მინიმუმ იქამდე, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და ქართველი ერი არ გამოხატავს თავის სურვილს. რაც შეეხება იმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დასავლეთის მხრიდან, ვფიქრობ, ვაჭრობაში შესვლა ძალიან დიდი შეცდომა იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილი ამ ვაჭრობას თავის გამარჯვებად გამოაცხადებს. ჩემი ზოგიერთი მეგობარიც არ მეთანხმებოდა, როცა ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მიღებასაც სათავისოდ გამოიყენებდა. ახლაც თუ რაღაც ტიპის შეთანხმება მოხდა ევროკავშირთან და დასავლეთთან, ბიძინა ივანიშვილი ამას თავის გამარჯვებად გამოაცხადებს; იტყვის, რომ კანონი ნამდვილად ევროპულია, რადგან ევროპელები დათანხმდნენ და გააგრძელებს რეპრესიებს, რითაც სიტუაცია კიდევ გაუარესდება.
- თუმცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარეშე, დღეს უფრო დიდი ნიჰილიზმი არ იქნებოდა ქართველ ხალხში?
- ვფიქრობ, საჭირო იყო, სტატუსის მიღებისას, ბევრად უფრო ქმედითი მექანიზმები ჩაედოთ, რომელიც დაუკავშირდებოდა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ხელისუფლებას სტატუსის მინიჭება ბოროტად არ გამოეყენებინა. მათ დაამტკიცეს, რომ სჭირდებოდათ სტატუსი და არა - ევროპა. ისინი პირდაპირ ევროპის წინააღმდეგ მიდიან; ევროპის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპის წინააღმდეგ იყენებენ და თან ამბობენ, რომ ევროპაზე უკეთ იციან, რა არის ევროპული კანონი და ა.შ.
- რამდენად რეალურია სანქციების დაწესება ევროკავშირის მხრიდან?
- ვფიქრობ, ევროკავშირმა რომ დაასანქციროს ყველა დეპუტატი, რომელმაც ამ კანონს მისცა ხმა, მარტივად ვერ მოხდება. თან საქართველოს აქვს უფლება, რანაირი კანონიც უნდა, ისეთი მიიღოს, მაგრამ ევროპასთან დაახლოების პროცესი გაიყინება - არ დაიწყება მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, მაშინ როცა უკრაინა და მოლდოვა ერთი ნაბიჯით ისედაც წინ არიან და უკვე ორი ნაბიჯით წინ იქნებიან; საქართველო თურქეთის და სერბეთის კატეგორიაში გადავა. არ მივესალმები, მაგრამ შეიძლება და არ გამოვრიცხავ, გადახედოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, თუ ეს მთავრობა რეპრესიებს გააგრძელებს.
- რაც შეეხება ამერიკულ სანქციებს, რაზედაც სახელმწიფომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენმაც პირდაპირ მიგვანიშნა...
- აშშ-ის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივია, რადგან EU როცა იღებს სანქციებს, საჭიროა 27 ქვეყნის თანხმობა და საქართველოს დღეს ძალიან ეიმედება ვიქტორ ორბანი, თუმცა ვიცით, რომ ორბანის წინააღმდეგობის გატეხა ძალიან მარტივად ხდება - ის რაღაცებს გამოივაჭრებს ხოლმე და საქართველოზეც ასე იქნება, ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. აშშ-ის სანქციების დაწესების დიდი პრაქტიკა აქვს. სანქციები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი იარაღია და ჯეიმს ო’ბრაიენმა, რომელიც კარიერული დიპლომატია, ძალიან ცივილიზებულად და მოზომილად თქვა, რა შეიძლება მოხდეს. <სანქციები>, პირველ რიგში, შეიძლება შეეხოს ძალადობისკენ მოუწოდებენ. აგრეთვე, იმ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ ყველაფრის სათავეში არიან.
- „პრაგმატულად მხოლოდ დამაზიანებელი იქნება სანქციების დაწესება, სანქციების დამწესებლისთვისო“ - ირაკლი კობახიძის მოსაზრებაა..
- სანქციები არ შეეხება ქართველ ხალხს. ყველა შეხვედრაზე მეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი არ დაისჯება იმის გამო, როგორც იქცევა ხელისუფლება. ეს იქნება არასწორი როგორც ევროკაშირის, ისე აშშ-ის მხრიდან; პირიქით, დასავლეთში ფიქრობენ, როგორ მისცენ იმპულსი საზოგადოებას, რომ არ დატოვებენ მარტო; ამიტომ ვფიქრობ, სანქციები იქნება ტარგეტირებული პიროვნებებზე, რომლებიც დღეს ამ ყველაფრის ავტორები არიან.