ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის და რონდელის ცენტრის მკვლევარ კახა გოგოლაშვილის პროგნოზით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა შემცირდება. „დაიწყებენ ევროკავშირის ქება-დიდებას და დადებითი მხარეების გაშუქებას, რადგან ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ეჭვობს, რომ მმართველმა ძალამ ევროკომისიის ცხრა დათქმით გაწერილი რეფორმები განახორციელოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“, პროდასავლურ ნარატივს, როგორც არჩევნებში გამარჯვებისთვის აუცილებელ ატრიბუტს, გააძლიერებს.
- ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამდე და მიღების შემდეგ, მმართველი პარტიის მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა თითქოს შემცირდა. საარჩევნო წელს „ქართული ოცნებისგან“ პროევროპულ ნარატივს უნდა ველოდოთ თუ მოსალოდნელია დაპირისპირების ახალ-ახალი თემები?
- დიახ, ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკა შემცირდა. რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, კიდევ უფრო შემცირდება და აბსოლუტურად შეიცვლება მმართველი ძალის ნარატივი. როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის ქება-დიდებას და დადებითი მხარეების გაშუქებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ, რადგან ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. უკვე კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის გამთლიანებასთან და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, მოქალაქეები საარჩევნო დაპირებებს შორის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ინტენსიურ მუშაობას ელიან, რომ მომავალი ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებამდე მიიყვანს. ნებისმიერი პარტია, განსაკუთრებით სახელისუფლებო, თუ ასეთ დაპირებებს არ გასცემს, ხმების დიდ რაოდენობას დაკარგავს.
- მოსახლეობის უმრავლესობა რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს მმართველი პარტიისთვის კარგად იყო ცნობილი შარშანაც, მაგრამ გვახსოვს ხელისუფლების ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკა. რა არგუმენტები გაძლევთ ანტიევროპული ნარატივის შეცვლის მოლოდინს?
- კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოში გაჩნდა კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმი და მოსახლეობა მეტადაა დარწმუნებული, რომ შესაძლებელია, ევროკავშირში გაწევრიანება; ევროსკეპტიკური კრიტიკით ამ განწყობას ვერავინ შეამცირებს. ამდენად, მგონია, რომ ახლა უკვე რეალობას უსწორებენ თვალს და რადგან შეუძლებელია მოსახლეობის ევროპული განწყობების შემცირება, ჩათვლიან, რომ მიჰყვნენ მოსახლეობის განწყობას, ამიტომაც მგონია, რომ რიტორიკა შეიცვლება.
- და ეს იქნება კანდიდატის სტატუსის კიდევ ერთი ფასი?
- დიახ. შარშან და შარშანწინ უფრო ადვილი იყო მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ „აი, ჩვენ კი ვართ ღირსი და ძალიან გვინდა, ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირის ინსტიტუტებში ბევრი ცუდი ხალხი მუშაობს და ისინი ყველანაირად ბლოკავენ ჩვენ წინსვლას ამ გზაზე“, მაგრამ როცა 12 რეკომენდაციის სრულად შესრულების მიუხედავად, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ახლა უკვე ძნელი დასარწმუნებელია მოსახლეობა, რომ ევროკავშირს არ უნდა საქართველოს ინტეგრაცია; ამდენად, ხალხი უკვე ღია თვალებით უყურებს ხელისუფლებას და თუ ისინი გააგრძელებენ ანტიდასავლურ რიტორიკას, ეს იმ წუთშივე დააკარგვინებს საარჩევნო ხმებს, ამიტომ ანტიევროპული პოლიტიკის შეცვლაში აუცილებლობას ხედავენ. შესაძლებელია, ამიტომაც მოხდა გარკვეული ცვლილება მთავრობაში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რომ წინა პრემიერი <ირაკლი ღარიბაშვილი> იყო უფრო ევროსკეპტიკოსი, ვიდრე - ახალი <ირაკლი კობახიძე>, მაგრამ როცა ადამიანის ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, უფრო ადვილია რიტორიკის შეცვლა.
- თუ მმართველი ძალა საარჩევნო წელს პროდასავლურ ნარატივს გაატარებს, ეს შეიძლება პოლიტიკაში მესამედ მობრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმაც თავის აქტივად მიითვალოს?
- დიახ. პროდასავლურ ნარატივს „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა. თუ გინდა, არჩევნებში გამარჯვება, ეს აუცილებელი ატრიბუტია.
- მხოლოდ პროდასავლური ნარატივის იმედი გვქონდეს, თუ შესაძლებელია, ევროკომისიის ცხრა დათქმით გაწერილი რეფორმების განხორციელებაც დაიწყოს ხელისუფლებამ?
- ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, სერიოზული მცდელობა იმისა, რომ ცხრა ნაბიჯის შესრულების მიმართულებით რამე კეთდებოდეს, არ ჩანს. პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო, უნდა ჩამოყალიბებულიყო კარგად დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები, მაგრამ ამის ნაცვლად, “ქართული ოცნების” მიერ ამ პროცესის მონოპოლიზება ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მუშაობენ, სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი აქვს, მაგრამ მმართველი ძალა არ უშვებს - ფორმალისტური მიდგომა, რომ ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წევრები არ არიან, აჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ სერიოზული განზრახვა, რომ NGO-ების ჩართულობით და ინკლუზიურობით მეტ შედეგს მიაღწიონ.
- რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ მაგალითით - თუ მმართველ ძალაში ცხრა დათქმის შესრულების პოლიტიკური ნება არ არსებობს, აქვს კი აზრი სამუშაო ჯგუფებში NGO-ების თუ პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას?
- რამდენადაც ცნობილია, ოპოზიციური პარტიები სამუშაო ჯგუფებში ჩაერთნენ, გარდა „ლელოსი“, რის გამოც გარკვეული წუხილი მაქვს. შეიძლება, „ლელო“ დიდი ალბათობით სწორად პროგნოზირებს, რომ რეალურად მათ არ მოუსმენენ ამ შეხვედრებზე, არც გაითვალისწინებენ მათ წინადადებებს და მხოლოდ და მხოლოდ დროს დახარჯავენ; მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, „ლელო“ მაინც უნდა ეცადოს თავისი წინადადებების შემუშავებას და სამუშაო შეხვედრებზე გაჟღერებას; ამას თავადაც გამოიყენებს წინასაარჩევნო პროცესში - ამომრჩეველს დაანახვებს, რომ ინიციატივები აქვთ, მაგრამ მმართველი პარტია არ ითვალისწინებს მათ წინადადებებს, თუმცა თუ ხალხისგან სახელისუფლებო მანდატს მიიღებენ, შესაბამისად იმოქმედებენ.
- საქართველომ 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის მიუხედავად, შარშან მაინც მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - ქართველი ხალხის და ევროპის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების ხარჯზე. რამდენად მოსალოდნელია, რომ წელსაც ამის იმედი ჰქონდეს მმართველ პარტიას და ცხრა დათქმის შესრულების ნაცვლად, მხოლოდ პროევროპული ნარატივით შემოიფარგლოს?
- სამწუხაროდ, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ რეალურად, „ქართულ ოცნების“ იდეაფიქსი არაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა. შეიძლება, დიდი სიამოვნებითაც გააჭიანურებდნენ ამ პროცესს, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია, მართოს მოსახლეობის და ამომრჩეველთა განწყობები, ამიტომ ისე უნდა გამოჩნდეს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ევროკავშირი არაა მზად მოლაპარაკებების გასახსნელად. ეს ტაქტიკა იყო გამოყენებული წინა ეტაპზე, მაგრამ საკითხის აწონ-დაწონის შემდეგ, ევროკავშირმა მაინც მოგვცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რადგან ეს იმოქმედებდა მოსახლეობის განწყობებზე ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში. ახლა ამ ეტაპზე, ძალიან პატარა შანსია იმისა, რომ თუ მთელი ძალისხმევა არ მიიმართა ცხრა რეკომენდაციის შესრულებისკენ, ძალიან ცოტაა შანსი, რომ ჩვენ ევროკავშირთან დავიწყებთ მოლაპარაკებებს არჩევნების დამთავრებისთანავე ანუ დეკემბერში, მაგრამ შანსი მაინც არსებობს, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია, მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერს აკეთებს ცხრა დათქმის შესასრულებლად, მაგრამ რეალურად გააკეთებს თუ არა, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.