მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო - თინა ხიდაშელის მოსაზრება

თინა ხიდაშელი

„ერთპარტიული მმართველობის უალტერნატივობას უნდა დაესვას #წერტილი, რათა მსგავს უბედურებაში, ყოველ ჯერზე, არ გავეხვიოთ“, - ამის შესახებ თავდაცვის ექს-მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსულ კანონზე“ ვეტოს დაძლევის შეფასებისას განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ხმა, გადარჩენის არავითარი შანსი არ აქვს.

"მიუხედავად ბრაზისა, არ გვაქვს უფლება ვიყოთ გულგატეხილები და იმედგაცრუებულები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა რთული და გრძელი, მაგრამ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ის ათიათასობით ადამიანი, რომელიც თბილისის, ბათუმის და სხვა ქალაქების ქუჩებში აპროტესტებს „რუსულ კანონს“ და ამ გზით ცდილობს მთავრობას ხმა გააგონოს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

- რატომ გააფორმა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება „რუსულ კანონზე“ ვეტოს დაძლევით?

- ბიძინა ივანიშვილის თავში და გულში რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მუშაობდა, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ. პირველი - 11 აპრილს ვთქვი, რომ მას ეშინია გამარჯვებული რუსთაველის გამზირის, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ ამ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. ზუსტად ეს გაიმეორა თავად 29 აპრილს - მისი ამოცანა იყო დაეღალა ქუჩაში გამოსული მოქალაქეები, ადამიანების ფრუსტრაცია მოეხდინა; მან იფიქრა, რომ ერთი თუ ორი კვირა ივლიან, შემდეგ დაიღლებიან და დაღლილი და იმედგაცრუებული მოქალაქეები კი, დიდი ალბათობით არც არჩევნებზე მოვაო. მეორე - ევროკავშირის შიში; ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შიში აქვს, რადგან მეტი ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირისკენ ნიშნავს მეტ დემოკრატიას, მეტ პლურალიზმს, მეტად გახსნილ სახელმწიფოს, ნაცვლად ავტორიტარიზმისკენ გადახრილი სახელმწიფოსი. მან კი, ასეთი მართვა არ იცის. მან არ იცის რა უყოს დემოკრატიულ ქვეყანას. როგორ მოიქცეს ასეთ ქვეყანაში...

- რუსეთის ფაქტორს ვერ ხედავთ ბიძინა ივანიშვილის შიშებში თუ გადაწყვეტილებებში?

- რუსეთის ფაქტორი მესამე უმნიშვნელოვანესი მიზეზია; ჩვენ როცა ვამტკიცებთ, რომ ისინი კრემლის დავალებებს ასრულებენ, საპასუხოდ ბევრი ადამიანი იტყვის - რა იცით?! ჩანაწერი გაქვთ მოსმენილი?! და ა.შ. ძალიან მარტივია მსგავს კითხვებზე პასუხი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში, ვისი ოცნების ასრულებაა?! ვის ახარებს და აბედნიერებს, გარდა პუტინისა?! როდესაც რუსულ თამაშში ებმები, მერე აღარაა მნიშვნელოვანი, ვინმე ყოველდღე გირეკავს თუ არა მოსკოვიდან; მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, შენ რა დღის წესრიგის მატარებელი ხდები. საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უცებ გადავიდა კრემლის რელსებზე და ჩვენ მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც დღე და ღამე, უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებიდან, ემსახურება რუსულ დღის წესრიგს ქართული სახელმწიფოს დასუსტებით. მათ წარმოდგენა არ აქვთ, სახელმწიფო როგორ მართონ, კრიზისს როგორ გაუმკლავდნენ, ამ ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებიათ და პატრიოტიზმიც აკლიათ.

- როდის შენიშნეთ ბიძინა ივანიშვილში პირველი სიმპტომი, რომ ის ევროპისკენ არ მიდიოდა და კრემლის რელსებისკენ იხრებოდა? „ნეტგაზეთზე“ წავიკითხე ხათუნა სამნიძის განცხადება, სადაც ის იხსენებს - „2014 წელს ევროსაბჭოში ძალიან მკაცრი განცხადებებით გამოვიდნენ „რესპუბლიკელები“ - თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი - მათ ძალიან მკაცრად დაიცვეს უკრაინის ყირიმი, დონბასი, ანტირუსული განცხადებები გააკეთეს და მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენ გვითხრა, „რესპუბლიკელებს“, რომ ისეთი მწვავე იყო ეს გამოსვლები, იძულებული გავხდი, პუტინისთვის ბოდიში შემეთვალაო“... იყო სხვა მსგავსი ნიშნები თუ გარკვეულწილად, კოალიციაში შემავალი პარტიებიც მაშინ თვალს ხუჭავდით?

- მე არ მახსოვს ეს საუბარი, მაგრამ აბსოლუტურად ვენდობი ხათუნა სამნიძეს და ეჭვი არ შემაქვს მის განცხადებაში... რადგან კონკრეტული მაგალითი გაიხსენეთ, მეც კონკრეტული მაგალითით გიპასუხებთ. 2015 წელს მე გავხდი თავდაცვის მინისტრი და თუ რამე პრეტენზია გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რასაც მე მაშინ ვამბობდი, ვაკეთებდი და რა დროსაც ვუთმობდი საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ამაზე მზად ვარ ვისაუბრო... ამდენად, დიახ, ბიძინა ივანიშვილი რომ არ იყო ჩვენი პირველი არჩევანი, ზუსტად ამიტომ არც 2012 წელს არ გავხდით მისი პარტიის წევრები და არც 2016 წელს, როდესაც პირდაპირი შემოთავაზება იყო, რომ თუ მის პარტიაში {ქართულ ოცნებაში} დავრჩებოდით, არავითარი პრობლემა არ გვექნებოდა, არც თანამდებობაზე დარჩენის, მაგრამ ის არასოდეს არ ყოფილა ჩვენი პირველი არჩევანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები