ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესს მარტივად შეეძლება “მწვანე პასპორტის” გადამოწმება და ამ საკითხზე რესტორნებთან მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც თურნავამ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გამორცხული არ არის საწყის ეტაპზე გარკვეული ტექნიკური პრობლემა შეიქმნას.
“ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მარტივი იყოს გადამოწმება. ეს შესაძლებელია სმარტფონების ან კომპიუტერის მეშვეობით. ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ ტექნიკურად კიდევ უფრო გამართული იყოს. არ გამოვრიცხავთ, რომ სისტემის ამოქმედების შემდეგ გარკვეული ხარვეზები საოპერაციო დონეზე გამოვლინდეს. ამიტომ, გვექნება ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენც და ჯანდაცვის სამინისტროსაც, რომელიც ამ აპლიკაციაზე მუშაობდა, რათა გავამარტივოთ და აღმოვფხვრათ სირთულე თუ გაჩნდა”,-აცხადებს თურნავა.
როგორც ცნობილია, პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტის სისტემა უნდა ამოქმედდეს.
მოქალაქეებს “მწვანე პასპორტს” წარდგენის ვალდებულება შემდეგ დაწესებულებებში ექნებათ:
კვების ობიექტები;
გასართობი ცენტრები;
კინოთეატრები/ოპერა/მუზეუმები;
სამორინეები;
სათამაშო ბიზნესობიექტები;
საკონცერტო დარბაზები;
სპაცენტრები;
ფიტნესდარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტების - საბაგირო გზები;
ბარების ღია და დახურული სივრცეები.




























