ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში ლარის მერყეობის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი Bmatch პლატფორმასაც იყენებდეს.
როგორც PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ თავად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ლარის გაუფასურებას აჟიოტაჟური ქმედებებით ხსნის, საზოგადოებას ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
გიორგი ხიშტოვანის თქმით, იმ პირობებში, როდესაც Bmatch პლატფორმაზე დადებული გარიგებები მოგვიანებით ხდება ცნობილი, ლარის კურსთან დაკავშირებით სრული სურათი არ არსებობს.
„ჩვენ სრული სურათი არ გვაქვს გაცვლითი კურსის რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ არსებობს არხები, რომელიც შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმა კურსის დასტაბილურებისთვის გამოიყენოს და ამ არხების გამოყენების რეალური სურათი ჩვენ დაგვიანებით ვიცით ხოლმე. მე არ გამოვრიცხავ, რომ ლარის კურსის „დასაჭერად“ და პარალელურად ინტერვენციები ხორციელდებოდეს და ვისურვებდი, რომ ამ კუთხით ეროვნულ ბანკს უფრო ღია პოზიცია ჰქონდეს.
ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი დროებითი და ხელოვნურია. თუკი სხვა არხებით არ ხორციელდება ინტერვენციები, ეს სიგნალი იქნება, რომ ასეთი აჟიოტაჟი მართლაც უსაფუძვლოა, მიუხედავად იმისა, რომ არსებული გაუფასურება უკვე მნიშვნელოვანია. თუკი ხორციელდება ასეთი ინტერვენციები, მაშინ განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ეს ერთჯერადი მოვლენაა, არასწორია“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი სავალუტო აუქციონის გზას მიმართავს მაშინ, როდესაც საჭიროა ბაზარმა დაინახოს მკაფიო სიგნალი, რომ ეროვნული ბანკი მონაწილეობს სავალუტო ბაზარზე და მზადაა აჟიოტაჟური პროცესი დაამშვიდოს. ხოლო Bmatch-ის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების მიზანს ბაზრისთვის მესიჯის გაგზავნა არ წარმოადგენს. ამასთან, ნათია თურნავას თქმით Bmatch პლატფორმას სებ-ი ძირითადად დოლარის შესყიდვისთვის იყენებს.
ამასთან, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სებ-მა 2024 წლის პირველ 4 თვეში Bmatch პლატფორმით 287 მილიონი დოლარი იყიდა, მათ შორის 73 მილიონი დოლარი სებ-მა აპრილში შეიძინა.