ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უპასუხა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას Bmatch პლატფორმით დოლარის ყიდვა/გაყიდვის შესახებ.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკს დოლარის ყიდვა/გაყიდვა ამ ორივე მექანიზმის გამოყენებით შეუძლია, თუმცა სავალუტო ინტერვენციის განხორციელებისას სებ-ი იმავე დღეს ავრცელებს ინფორმაციას ინტერვენციის მოცულობის და აუქციონზე დაფიქსირებული გაყიდული/შესყიდული დოლარის კურსის შესახებ. ხოლო Bmatch პლატფორმის მეშვეობით, განხორციელებული ოპერაციების შესახებ ცნობილი ხდება ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვში, ამასთან სტატისტიკა მოცემულია ერთიანად თვის ჭრილში, შესაბამისად საჯაროდ უცნობი რჩება თუ რომელ კონკრეტულ დღეს სებ-მა რა მოცულობის დოლარი იყიდა/გაყიდა Bmatch პლატფორმის გამოყენებით.
ამ ორი მექანიზმის შესახებ დასმული კითხვის პასუხისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი სავალუტო აუქციონის გზას მიმართავს მაშინ, როდესაც საჭიროა ბაზარმა დაინახოს მკაფიო სიგნალი, რომ ეროვნული ბანკი მონაწილეობს სავალუტო ბაზარზე და მზადაა აჟიოტაჟური პროცესი დაამშვიდოს. ხოლო Bmatch-ის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების მიზანს ბაზრისთვის მესიჯის გაგზავნა არ წარმოადგენს. ამასთან, ნათია თურნავას თქმით Bmatch პლატფორმას სებ-ი ძირითადად დოლარის შესყიდვისთვის იყენებს.
"ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია არის სავალუტო აუქციონები და არის Bmatch პლატფორმა. ამ პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების და გაყიდვების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ერთი თვით გვიან. რატომ არის განსხვავება გამოქვეყნებაში. შინაარსობრივად ეს ორი ბერკეტი სხვადასხვა რამეს ემსახურება. სავალუტო აუქციონი, როდესაც რაღაც მოვლენა მოხდა აჟიოტაჟური და ჩვენ ბაზრის დასამშვიდებლად გამოვიტანეთ 60 მილიონი და გავყიდეთ. იმიტომ ვაკეთებთ ამას საჯაროდ, რომ არამხოლოდ ლიკვიდურობას ვაწვდით ბაზარს, არამედ მესიჯსაც ვაწვდით, რომ ჩვენ აქ ვართ და ვზრუნავთ სტაბილურობაზე, განწყობების გაღვივების საშუალებას არ ვაძლევთ ბაზარს, ეს ინტერვენციები პირიქით უნდა იყოს საჯაროდ, რასაც იგებს ბაზრის თითოეული მონაწილე და ეს დამამშვიდებელ ეფექტს ატარებს.
Bmatch-ს რაც შეეხება, ისიც ირთვება კონკრეტული დროს, თრიგერის დროს. მოცულობა მისი გაცილებით მცირეა, მისი ამოცანა სწორედაც რომ არ არის მესიჯის გაგზავნა ბაზრისთვის, რათა ავაცილოთ ბაზარს სპეკულაციური მიზნებით ამის გამოყენება. ჩვენ Bmatch-ს ძირითადად ვიყენებთ, რათა შევიძინოთ ვალუტა იმგვარად, რათა კურსზე და მის მიმართულებაზე არ მოვახდინოთ ზემოქმედება. ვყიდულობთ, როდესაც სწრაფად მყარდება და ვყიდულობთ ისე, რომ ტრენდი არ შევცვალოთ და არც მესიჯი არ მივაწოდოთ სპეკულაციისთვის ბაზარს, არამედ ეტაპობრივად შევავსოთ ჩვენი რეზერვები. აქედან გამომდინარე ხდება ამის არა იმავე დღეს გამოქვეყნება, არამედ მოგვიანებით.
ისეთი კითხვა ისმება ხოლმე, განსაკუთრებით რომან გოცირიძის მხრიდან, რომ ჩვენ თითქოს ამას ვაკეთებთ რაღაცის დამალვის მიზნით. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, ძალიან გვეამაყება, რომ ამ ინსტრუმენტს ვიყენებთ რეზერვების შესავსებად", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, სებ-მა 2024 წლის პირველ 4 თვეში Bmatch პლატფორმით 287 მილიონი დოლარი იყიდა, მათ შორის 73 მილიონი დოლარი სებ-მა აპრილში შეიძინა.