მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ გამოვრიცხავ, მიმწოდებლების და რიტეილერების ურთიერთობები გარკვეულ ჩარჩოს საჭიროებდეს - ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე

მიმწოდებლებსა და რიტეიელერებს შორის ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში დაბრუნდეს.

კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო FMCG ბაზარზე მონიტორინგის პროცესს აგრძელებს. სააგენტოს შესწავლის ერთ-ერთ მთავარ საგანს ის პირობები წარმოადგენს, რომლითაც დისტრიბუტორები და მიმწოდებლები პროდუქციას სავაჭრო ქსელებში ათავსებენ.

სააგენტოში ადასტურებენ, რომ იკვეთება ტენდენცია, რომ წლიდან წლამდე სავაჭრო ქსელების მიერ მიმწოდებლებისთვის დაკისრებული ხარჯები მზარდია, თუმცა “მონიტორინგი ჯერჯერობით არ მისულა იმ დასკვნამდე“, რომ სააგენტომ მხარეებს შორის ურთიერთობების კანონით დარეგულირების რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, სააგენტოს ხელმძღვანელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში სამომავლოდ ამ მიმართულებით რეგულაციების საჭიროებას არ გამორიცხავს.

ქსელურ მარკეტებში შესვლა რომ მიმწოდებლებისთვის/დისტრიბუტორებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, ამაზე კერძო სექტორში წლებია საუბრობენ. ბიზნესი იხდის, როგორც ქსელში დაშვების საფასურს, ასევე სხვადასხვა მარკეტინგულ ხარჯს, ასეთია თაროზე დაშვების საფასური, ასევე ე.წ რეტრობონუსი, ქეშბექი და სხვა.

„თუ დავინახავთ ბოლო წლების დინამიკას, მარკეტებში შესვლის გადასახადი და ხარჯები არის გარკვეულწილად გაზრდილი და პროდუქტების მიხედვით განსხვავებულია, რაც გარკვეულწილად პრესინგია იმ ფასებზე, რომელიც წარმოდგენილია აღნიშნულ ქსელებში. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს დომინანტი ეკონომიკური აგენტები ამ ბაზარზე გარკვეული ძალაუფლების ცენტრი დღეს არის მაინც მარკეტების მხარეს, მათ აქვთ გარკვეული უპირატესობა მიმწოდებლებთან/დისტრიბუტორებთან მიმართებით.

ჩვენ ვაკვირდებით აღნიშნულ ბაზარს. ბაზარი დინამიკურად განვითარებადია და ეს ზრდა გაგრძელდება. კონკურენციის კანონის გადასახედიდან იმისთვის, რომ რაიმე კონკრეტული ქმედება განხორციელდეს ამ მიმართულებით, მინიმუმ დომინანტი ეკონომიკური აგენტი უნდა იყოს წარმოდგენილი ამ ბაზარზე, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ თუნდაც ეს ძალაუფლების დისბალანსი თუ როგორც შეიძლება შეფასდეს ეს მიმართულება, გარკვეულ ჩარჩოს საჭიროებდეს, თუმცა ჩვენი მონიტორინგი ჯერჯერობით არ მისულა იმ დასკვნამდე, რომ მსგავსი რეკომენდაცია გავცეთ.

ეს დისკუსია იყო სექტორებს შორის, მათ შორის ბევრ პლატფორმაზე გაიმართა მსჯელობა, რა ტიპის რეგულაციებია საჭირო, თუმცა ჯერჯერობით ოპტიმალურობა რეგულაციების იმ ფორმით, რა ფორმითაც წინა შემთხვევაში იყო წარმოდგენილი, არ იქნა ბოლომდე არგუმენტირებული, თუმცა შეიძლება მოვიდეს გარკვეული დრო, როცა იმ ფორმით, თუ სხვა ფორმით, რა ფორმითაც ის იყო წარმოდგენილი, აქამდე მივიდეს მთლიანად ორივე სექტორი და ორივე მიმართულება.

ეს ურთიერთობები დღეს დამოკიდებულია ორმხრივ შეთანხმებაზე და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ანტიკონკურენტულ ქმედებასაც დავინახავთ, იქნება ეს შეთანხმებული ქმედება, თუ მას შემდეგ რაც დომინანტური ეკონომიკური აგენტი გაჩნდება ბაზარზე, მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკურენციის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარკვეული ტიპის მოქმედებებზე“,-აცხადებს "საქმის კურსთან" ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები