მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე მაღაზიები ქსელურ მარკეტებთან არათანაბარ კონკურენციაშია - ასოციაცია

სამართავი პანელი

"პატარა მაღაზიების ყოფნა - არ ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - ამის შესახებ "მცირე მაღაზიათა ასოციაციაში" აცხადებენ, სადაც ერთ-ერთ გამოწვევად არაჯანსაღ კონკურენციას და დისტრიბუტორების მხრიდან ქსელური მარკეტების პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებას ასახელებენ.

"როდესაც პროდუქციას მსხვილ მარკეტს ლარად და კერძო რითეილერებს 1.20 ლარად აწვდიან, ბუნებრივია, ჩვენი მაღაზიები დიდ ქსელურ მარკეტებს კონკურენციას ვერ უწევენ. კერძო რითეილერები პროდუქციას ვერ ყიდიან, რადგან, როცა მომხმარებელი ხედავს, რომ კონკრეტული პროდუქცია ქსელურ მაღაზიაში 1 ლარი ღირს და პატარაში 1.30 ლარად იყიდება, ის ქსელურ მარკეტში ვაჭრობას ამჯობინებს. ამის გამო პატარა მაღაზიებს ვაჭრობა უჭირთ და უმეტესი მათგანი იკეტება. ჩვენ ამაზე თავის დროზეც გვქონდა საუბარი და კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას ვფიქრობდით, ვცდილობთ, საკითხი ჩვენით დავარეგულიროთ. როცა ვნახავთ, რომ ვერ რეგულირდება, სააგენტოს მივმართავთ", - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ, სანდრო სუბელიანმა.

"საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაში" BMG-სთან განმარტავენ, რომ ქსელური მაღაზიების უპირატესი პოზიცია, დისტრიბუტორებს ნაკლებად მოგებიან პირობებზე დათანხმებას აიძულებს.

"სადისტრიბუციო ფასი ერთი და იგივეა. როდესაც საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტზე პროდუქციის მიწოდება ხდება, იქ მთელი რიგი გადასახადები, "ქეშბექია", რაც, საბოლოოდ, სადისტრიბუციო ფასამდე ადის. მცირე მაღაზიის დახურვას მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ფასი არ იწვევს. როდესაც მსხვილი ქსელები ვითარდება, მცირე ზომის მაღაზიები იმ ფორმით ოპერირებას, რა ფორმითაც წლების წინ, ვერ ახერხებენ", - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რამდენიმე თვის წინ მსხვილი რითეილ ქსელებისა და მიმწოდებელ კომპანიებს შორის არსებული ხელშეკრულებები გამოითხოვა. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ BMG-სთან აღნიშნა, მაშინ მსგავსი ტიპის პრობლემა არ აღმოჩენილა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, სააგენტოს მცირე მაღაზიებისა და დისტრიბუტორებს შორის დადებული ხელშეკრულებები არ შეუმოწმებია.

"საკითხის შეფასება გაგვიჭირდება, უნდა ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. სააგენტო ორ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაში ვერ ჩაერევა. თუ რაიმე სახის დისკრიმინაციული ან შემზღუდავი პირობა დევს, ბუნებრივია, ამას შევაფასებთ, თუმცა უნდა მოგვმართონ და ვნახოთ, რასთან არის პრობლემა დაკავშირებული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები