მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოვრიცხავთ, რომ ბაზარზე საერთაშორისო მოთამაშე გამოჩნდეს - TKT.GE ბილეთების გაყიდვის პლატფორმის ალტერნატივაზე

ბილეთები

TNET-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ჩუმაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ელექტრონული ბილეთების გამყიდველი საერთაშორისო კომპანია შემოვიდეს. ამის შესახებ მან “საქმიანი დილას ეთერში” TKT.GE-ის ალტერნატიული პლატფორმების საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად განმუხტავდა ბილეთების შეძენის პროცესთან დაკავშირებულ შეფერხებებს მომხმარებლისთვის ალტერნატიული პლატფორმის შეთავაზება, ჩუმაშვილი აღნიშნავს, რომ ამის განსაზღვრა რთულია, თუმცა TKT.GE ბილეთების გასაყიდად უფლებებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონის გამო ახერხებს.

“როცა მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენამ, თეორიულად, შესაძლოა განმუხტოს ვითარება, შეიძლება - ვერა. თუმცა, თუ ალტერნატივებზე ვისაუბრებთ, შემიძლია გითხრათ, რომ სტანდარეტები, რომლებსაც ასეთ ღონისძიებები ითვალისწინებს, არ იზომება მხოლოდ კონკურენციის საზომით. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია კონკურენციაში ვართ საერთაშორისო მოთამაშეებთან. მაგალითად, FIBA Eurobasket-ზე, რომელიც ჩატარდა საქართველოში, კონკრეტულად იყო გადაწყვეტილი, ვის უნდა გაეყიდა ბილეთები. თუმცა ორგანიზატორებმა შეისწავლეს ჩვენი ვებსაიტი, გაიცნეს ჩვენი IT გუნდი, სერვერები, ინფრასტრუქტურა და გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ჩვენ ვყოფილიყავით გამყიდველები მათი ბილეთების. UEFA-ს 21 წლამდე ჩემპიონატზეც ჩვენ მოგვენიჭა ბილეთების გაყიდვის უფლება და ამისათვის საკმაოდ დიდი კონკურსი. გასულ წელს წარმატებით ჩავატარეთ Livenation-ის კონცერტებიც.

კონცერტებზეც მოვახერხეთ მაღალი სტანდარტების გატარება და, ამჟამად, ისეა ჩვენი მხრიდან თამასა აწეული დიდი ღონისძიებების ნაწილში, რომ ვფიქრობ, სახიფათოც კი იქნება ახალი ალტერნატივების გამოჩენა, თუ საერთაშორისო მოთამაშე არ შემოვა ბაზარზე, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე მოხდება. რეგიონში უკვე არის რამდენიმე საინტერესო კომპანია”, - განმარტავს ჩუმაშვილი.

TNET-ის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თავად კომპანია რეგიონისა და ევროპის მასშტაბითაც ოპერირებს და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ “თეთრ სიაში” არიან შეყვანილი, რის გამოც, შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებზე ბილეთების გაყიდვის უფლებები ნებისმიერ დროს მოიპოვონ, შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები