ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პოზიტიურია და გასულ წელს უმუშევრობა მინიმალურ დონემდე შემცირდა, სამთავრობო გუნდს არ აქვს იმის ილუზია, რომ ქვეყანაში ყველა გამოწვევა დაძლეულია. ამის შესახებ დავითაშვილმა პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„ბოლო წლებში არაერთი საგარეო შოკის მიუხედავად საქართველომ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი შეინარჩუნა. არაერთი ქვეყნის რეიტინგის გაუარესების ფონზე ეს უფრო მეტად აღსანიშნავია. კომპანიებმა, როგორებიცაა Fitch, Standard & Poor’s-ი და Moody’s საქართველოს რეიტინგი უცვლელად შეუნარჩუნა. გასული წლის დასაწყისში Fitch-მა სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან დადებითისკენ შეაფასა და 2024 წლის დასაწყისში ეს პერსპექტივა უცვლელი დატოვა. ქვეყანაში უმუშევრობა მინიმალურ დონეზე შემცირდა...
ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გვაქვს ილუზია, რომ ქვეყანაში ყველა გამოწვევა დაძლეულია: ქვეყანაში უმუშევრობის საკითხი ჯერ დაძლეული არ არის და არც სიღარიბე არ არის დაძლეული, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, სტრუქტურული რეფორმების გატარება გავაგრძელოთ, ასევე მოხდეს საექსპორტო პოტენციალის გაფართოება და გაუმჯობესდეს ვაჭრობის ხარისხობრივი მაჩვენებელი“, - განაცხადა დავითაშვილმა.