„არ გვჭირდება უკანონო გზით შემოღწეული საქართველოში უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის ადგილს იკავებს შრომით ბაზარზე, დევნის მას ამ შრომითი ბაზრიდან და რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას უცხოეთში შეუქცევადს ხდის“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა ბიზნესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, სადაც მთავრობა შრომითი მიგრაციის რეგულირების მიმართულებით მომზადებულ ცვლილებებს აცნობს.
მისი თქმით, მთავრობამ და პარლამენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე მუშაობა დაასრულეს და ახალი წესები ბიზნესთან მრავალთვიანი კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა.
„ჩვენ დავასრულეთ საიმიგრაციო პოლიტიკის ჩამოყალიბების ძირითად მიმართულებებზე მუშაობა, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მთავრობაში. დღეს გვაქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად შეხვედრა ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან. გვინდა მათ განვუმარტოთ თამაშის ის წესები, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება საქართველოში მიგრაციის რეგულირების მიმართულებით.
ფაქტობრივად, ამ წლამდე საქართველოში ამგვარი კანონმდებლობა არ მოქმედებდა, ან მოქმედებდა ძალიან ფრაგმენტულად. ეს ძალიან დიდ წინაღობებს უქმნიდა სახელმწიფოს სწორი, გამართული საიმიგრაციო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. შრომითი საიმიგრაციო ნაკადები, მათ შორის საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი სამყაროსთვის, გახდა გამოწვევა უკანასკნელ წლებში“, - აღნიშნა მან.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელისუფლება უცხოელთა ლეგალურ დასაქმებას არ ეწინააღმდეგება, თუმცა უკანონო შრომით მიგრაციასთან მიმართებით მიდგომები მკაცრდება.
„დასაქმება პირდაპირ გადაბმულია საიმიგრაციო პოლიტიკასთან. უნდა გვესმოდეს და მყარად დავიმახსოვროთ, საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური ვალდებულებაა საქართველოს მოქალაქის დასაქმების უფლების უზრუნველყოფა, შრომის უფლების უზრუნველყოფა. ამისთვის ჩვენ შიდა ბაზარი უნდა დავიცვათ, უზრუნველვყოთ გამჭვირვალე საიმიგრაციო წესები.
არამც და არამც საქართველოს მთავრობა არ ქმნის ბარიერებს უცხოელთა დასაქმების გზაზე საქართველოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ექნება გარკვეულწილად გამკაცრებული მიდგომები ამ თვალსაზრისით. ლეგალური, გამჭვირვალე დასაქმება პირიქით, ჩვენ გვაწყობს, აწყობს საქართველოს სახელმწიფოს, მის განვითარებას. ჩვენ გვჭირდება უცხოური ინოვაციები, ცოდნა, რა თქმა უნდა, კაპიტალი. არ გვჭირდება უკანონო გზით საქართველოში შემოღწეული უცხოელი, რომელიც საქართველოს მოქალაქის ადგილს იკავებს შრომით ბაზარზე, დევნის მას ამ შრომითი ბაზრიდან და რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას უცხოეთში შეუქცევადს ხდის. ეს პირობები, რისკები რომ დავაზღვიოთ, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ჩვენ ეს ცვლილებები“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხოელების დასაქმება შეიზღუდა - მთავარი გაცხადებული მიზანი ადგილობრივის შრომის ბაზრის დაცვაა. ერთ-ერთი სიახლეა „შრომითი საქმიანობის უფლება“, რომლის გარეშეც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებით საქართველოში გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები საერთოდ ვერ იმუშავებენ.




























