მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ გვინდა დავუშვათ იგივე შეცდომები, რაც დიდმა ერებმა დაუშვეს" - Saudi Aramco-ს თავმჯდომარე ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე

იასირ ალ-რუმაიანი

საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდის (PIF) მმართველისა და Saudi Aramco-ს თავმჯდომარის თქმით, ფონდი საინვესტიციო პროექტის შერჩევისას ყურადღებას მრავალ ფაქტორზე ამახვილებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ეკონომიკის ნავთობისგან დივერსიფიკაციაა. ამის შესახებ იასირ ალ-რუმაიანმა ბიზნესმენ დევიდ რუბენშტეინთან ინტერვიუში ისაუბრა.

ინვესტიციის განხილვისას, PIF-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკუგების კოეფიციენტია? თუ ის, დაეხმარება თუ არა ეს სამეფოს სხვა კუთხით? თუ უბრალოდ ნავთობის სექტორიდან დივერსიფიკაცია? რაზე ხართ ყველაზე მეტად ფოკუსირებული კარგი საინვესტიციო პროექტის ძიებისას?

უკუგება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ რატომ ვახორციელებთ კონკრეტულ ინვესტიციას კონკრეტულ სექტორში? შეაქვს თუ არა წვლილი მშპ-ში? იქმნება თუ არა სამუშაო ადგილები? ეხმარება თუ არა ეს ჩვენს ადგილობრივ წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია? როგორ შეგვიძლია ნავთობისგან დივერსიფიკაცია?

მაგალითს მოგიყვანთ. 2015 წელს საუდის არაბეთის მშპ-ს დაახლოებით 90% ნავთობზე იყო დამოკიდებული. დღეს 53% არასანავთობო მშპ-ზე მოდის, რაც დიდი ზრდაა. დღეს საუდის ეკონომიკა დაახლოებით $1.1 ტრილიონია. ის გაიზარდა 600 მილიარდზე ნაკლები ნიშნულიდან, რომელიც 2016 წელს იყო. ეს ზრდა ძირითადად არასანავთობო მშპ-დან მოდის. ამიტომ, ინვესტიციებს ისე ვუყურებთ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა დაკმაყოფილდეს. და ამავდროულად, ის უნდა იყოს მოგებიანი.

საუდის არაბეთს 2015 წლამდე მრავალ სფეროში ჰქონდა ჩავარდნები. და ჩვენი სურვილი იყო, ძირითადად, ამ ნაპრალების ამოვსება.

ამჟამად საუდის არაბეთს აქვს დაახლოებით 250 მილიარდი ბარელი ნავთობის დადასტურებული მარაგი. ალბათ მეტიც არის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგია. რატომ არ შეიძლება ეკონომიკა უბრალოდ მთლიანად ნავთობზე იყოს დაფუძნებული მომდევნო 20, 30, 40 წლის განმავლობაში? რატომ ახდენთ დივერსიფიკაციას?

თუ ისტორიას გადახედავთ, პორტუგალია გარკვეულ ეტაპზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო მთელი იმ ოქროთი, რაც მათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჰქონდათ და ეს „დაავადებას“ ჰგავს. ჩვენ „ნავთობის დაავადება“ გვაქვს. არ შეიძლება მხოლოდ ნავთობით ცხოვრება. რადგან ეს უფრო პასიურს და ნაკლებად აქტიურს გხდის. რადგან იცი, რომ ნავთობი ყოველთვის ამოვა მიწიდან და შენ მას გაყიდი. ეს ერთი.

მეორე, ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ზრდა. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ნავთობის მარაგი, საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ახალი ადამიანებისთვის. დღეს საუდის არაბეთის მოსახლეობის 75% 35 წლამდე ასაკისაა. მათ განათლება სჭირდებათ. უნდა მისცე ცხოვრების ის ხარისხი, რომელსაც იმსახურებენ. და უნდა უპოვო სამსახური. ამის გაკეთება მხოლოდ შემოსავლის ერთი წყაროთი - ნავთობით - შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, გაზი დიდი თემა ხდება ჩვენთვის Aramco-ში. მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. საჭიროა ეკონომიკის დივერსიფიკაცია. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ნედლეულს დავეყრდნოთ. ისტორია მეორდება. არ გვინდა დავუშვათ იგივე შეცდომები, რაც დიდმა ერებმა დაუშვეს.

გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზანი, რომ გარკვეული წლისთვის ეკონომიკის კონკრეტული პროცენტი არასანავთობო აქტივებიდან მოდიოდეს?

სინამდვილეში ჩვენ მივაღწიეთ 2030 წლის სამიზნეებს. ახლა, როგორც ვთქვი, 53% მოდის არასანავთობო სექტორიდან. მაგრამ ეს არ გაგვაჩერებს. რადგან გახსოვდეთ, ჩვენ გვინდა გავზარდოთ წიაღისეული საწვავი, ნავთობი და გაზი, და ამავდროულად უნდა გავზარდოთ სხვა, არასანავთობო მშპ.

იასირ ალ-რუმაიანმა Bloomberg-თან ინტერვიუში საინვესტიციო გეორგაფიის გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საუდის არაბეთის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი ცდილობს, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასაც და საერთაშორისო ზრდასაც.

როგორც ვიცი, თქვენ ცდილობთ ფული არ გასცეთ უბრალოდ აშშ-ში ინვესტირებისთვის, არამედ გსურთ, რომ ხალხმა ინვესტიცია სამეფოში განახორციელოს. შეგიძლიათ ახსნათ რატომ?

ისტორიულად, PIF კაპიტალის 97%-ს სამეფოს შიგნით აბანდებდა. 2015 წელს დავსახეთ ეკონომიკის დივერსიფიკაციის სტრატეგია და ვთქვით, რომ გვინდოდა მიგვეღწია 80% საერთაშორისო და 20% ადგილობრივი ინვესტიციებისთვის. ეს არ ნიშნავს საუდის აქტივების გაყიდვას, არამედ ახალი ინვესტიციების განთავსებას საზღვარგარეთ.

2021 წელს ვთქვით, რომ გვინდა გავაგრძელოთ საუდის ეკონომიკის მშენებლობა. ასე რომ, ახლა დაახლოებით 80% ადგილობრივია და 20% საერთაშორისო. მაგრამ პროცენტები შეიძლება მატყუარა იყოს, რადგან აქტივები 150-დან 940 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აბსოლუტურ რიცხვებში ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო ზრდას.

რაც შეეხება აქტივების მმართველებს - თუ ჩვენ მათთან კაპიტალს განვათავსებთ, გვსურს, რომ ინვესტიციის ნაწილი ქვეყანაში დააბრუნონ. რადგან ადგილობრივი წარმოების გაზრდა გვჭირდება. და ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა. განსაკუთრებით თუ ეს PIF-თან თანაინვესტირებაა, რაც მათ მომავალი ფულადი ნაკადების მეტ გარანტიას აძლევს.

ხალხი იტყვის: „კარგი, ჩავდებ ინვესტიციას საუდის არაბეთში, მაგრამ რაში?“ ნავთობისა და გაზის სამყაროს ძირითადად Saudi Aramco აკონტროლებს. რა შესაძლებლობებია დასავლელი ინვესტორისთვის?

თითქმის ყველაფერი: ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები (AI, ჩიპები), განახლებადი ენერგია, ტრანსპორტი...
ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია Lucid-ში და მათ ახლა თავიანთი ქარხანა აქვთ ჯიდას ჩრდილოეთით. შემოვიყვანეთ Pirelli, Hyundai და სხვა მრავალი კომპანია. არა მხოლოდ ეს, ჩვენ ვაკეთებთ შესყიდვებს თვითმფრინავებში - Boeing, Airbus. და ერთ-ერთი პირობაა, რომ მათ თავიანთი წარმოების ან ტექნიკური მომსახურების ცენტრები სამეფოში გადმოიტანონ.ამით ორივე მხარე იგებს. ისინი ყიდიან პროდუქტს, ჩვენ კი ვქმნით მეტ წვლილს მშპ-ში და სამუშაო ადგილებს.

ცნობისთვის, "საჯარო საინვესტიციო ფონდი" საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სუვერენული ფონდია, რომლის საერთო აქტივები დაახლოებით 940 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ფონდი 1971 წელს, საუდის არაბეთის მთავრობის სახელით და სახსრების ინვესტირების მიზნით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები