“არ გვინდა, ისეთი რაოდენობის და სტანდარტის ღვინო ვაწარმოოთ, რომ რუსეთში გავიტანოთ”, - ამის შესახებ “ჭალელის” დამფუძნებელმა, ჯაბა აბაიშვილმა განაცხადა. როგორც მცირე კომპანიის წარმომადგენელმა BMG-სთან აღნიშნა, საქმიანობა ორი წლის წინ დაიწყო და ღვინოს საქართველოს გარდა, ლონდონში, ჰელსინსკსა და ბერლინში ყიდის. მისი თქმით, რუსული ბაზარი მათთვის საინტერესო არ არის.
"ჩვენი მეღვინეობა ორი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ. მცირე საოჯახო მეღვინეობა ვართ, ქართლის რეგიონიდან. ძირითადი მიმართულება ქართლის ჯიშები გვაქვს. დიდი ინტერესი გვაქვს უცხოური და ქართლის ჯიშების შერევის, ექსპერიმენტებს არ ვერიდებით. ამ ორ წელში ჩვენი ძირითადი ბაზარი საქართველოა. ის რაოდენობა არ გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გავიტანოთ [ღვინო]. შარშანდელი და წლევანდელი ღვინოები, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გავიტანეთ ევროკავშირში. გვინდა, მაქსიმალურად სტაბილურ ბაზრებზე შევიდეთ, ასეთად ევროკავშირს, აშშ-ისა და სხვა მსგავს ქვეყნებს მივიჩნევთ. ამასთან, ჩვენი მცირე რაოდენობიდან, ფასიდან გამომდინარე, ევროპა და ეს ქვეყნები მისაღებია”, - განაცხადა ჯაბა აბაიშვილმა.
ახალგაზრდა მეღვინეს ბიზნესის გაფართოება სურს, თუმცა მისთვის, როგორც სხვა მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.
“ფინანსების, სესხების პრობლემა არის. გვაქვს მზაობა და მონდომება, ბიზნესი გავაფართოოთ და პრობლემა ის არის, რომ რთულია სესხებიდან და დიდი პროცენტებიდან გამომდინარე”, - განაცხადა მან.