„მისო“-დან მიკრობანკის სტატუსზე გადასვლის წელიწად-ნახევარი „MBC“-ისთვის წარმატებული აღმოჩნდა. MBC-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული სკეპტიციზმის მიუხედავად, კომპანიამ არა მხოლოდ შეინარჩუნა მოგებიანობა, არამედ პორტფელის მოლოდინზე მაღალი ზრდაც აჩვენა.
„ამ ტრანსფორმაციას ვაფასებთ, როგორც აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებას. არ დაგიმალავთ, არსებობდნენ სკეპტიკოსები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ მიკრობანკის მოდელი არ იქნებოდა წარმატებული და ის ზარალიანი აღმოჩნდებოდა, თუმცა რეალობამ საპირისპირო აჩვენა — ორივე მოქმედმა მიკრობანკმა გასული წელი მოგებით დაასრულა. არ ვიტყვი, რომ ეს წელიწად-ნახევარი მარტივი იყო. ჩვენ წინ კიდევ გველოდება ტრანსფორმაციის, შეიძლება, ერთი ან ორი წელი. გამოწვევები გვაქვს ბევრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაინც წარმატებით გავიარეთ; პირველი ნაბიჯები იყო ძალიან წარმატებული შარშან ჩვენი პორტფელი 30%-ით გაიზარდა, რაც გასახარი და მოულოდნელიც კი იყო, რადგან პირველ წელს ასეთ მნიშვნელოვან ზრდას არ ვგეგმავდით. მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ საშუალოდ 15-დან 20 პროცენტამდე სისწრაფით ზრდას ვგეგმავთ. ჩვენი კლიენტურა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მაგრამ მათ შევთავაზეთ სრულყოფილი საბანკო მომსახურება: დეპოზიტები, მიმდინარე ანგარიშები და სხვა პროდუქტები. მიკრო და მცირე მეწარმე ჩვენთან არის განსაკუთრებული, „VIP“ კლიენტი და ის იღებს ისეთ მომსახურებას, რასაც დიდ კომერციულ ბანკებში, სავარაუდოდ, ვერ მიიღებდა“, - ამბობს გია პეტრიაშვილი „საქმის კურსთან“.
მისი თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში პრიორიტეტული ადგილი ტექნოლოგიურ განვითარებას უჭირავს. ამ კუთხით კი, მთავარ კონკურენტად ციფრულ ბანკებს განიხილავენ.
„ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ვემზადებით ძალიან აქტიურად და ვავითარებთ ციფრულ პროდუქტებს. პირველი შეთავაზებები, სავარაუდოდ, წლის ბოლოს გამოჩნდება, მომავალი წლიდან კი მომხმარებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. ვგეგმავთ ისეთი პროდუქტების მორგებას ჩვენს კლიენტებზე, როგორიცაა მობაილ ბანკი, ინტერნეტ ბანკი და დისტანციური ონბორდინგი. ფაქტობრივად, მივდივართ იქითკენ, რომ მომხმარებელს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში დასჭირდეს სერვისცენტრში მოსვლა და შეძლოს ყველა მომსახურების ციფრულად მიღება. ამასთანავე, ჩვენი აქცენტი რჩება დეპოზიტების პორტფელის აქტიურ განვითარებაზე, რაც მიკრობანკის სტატუსმა გახადა შესაძლებელი“- ამბობს პეტრიაშვილი.




























