მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, რომ მიკროსაფინანსო სექტორიდან მიკრობანკების ბაზარზე გადასვლა მათი კომპანიისთვის სტრატეგიულად გამართლებული იყო.
როგორც “ემბისის” გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დაკრედიტების ლიმიტის გაზრდამ მათი საკრედიტო პორტფელის ზრდა დააჩქარა.
როგორც გია პეტრიაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მილიონი ლარის მოცულობის კრედიტებს არ გასცემენ, ლიმიტის ზრდამ მათ საშუალება მისცა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ბაზარზე შესულიყვნენ.
“თითქმის ორი წლის გადმოსახედიდან, მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ეს იყო სტრატეგიულად გამართლებული. რა თქმა უნდა, მთავარი ინტერესი, რაც ჩვენ გვქონდა, ეს იყო დეპოზიტების ბაზარზე შესვლა, რასაც აქტიურად კარგად ვახორციელებთ, ჩვენი დეპოზიტების პორტფელი მკვეთრად იზრდება.
რაც შეეხება პორტფელში ახალი, უფრო მსხვილი სესხების გაცემას, ჩვენ უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამას. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი ზღვარი 200 000 ლარი იყო, დღეს ჩვენ ნახევარ მილიონ ლარამდე სესხებს გავცემთ, მაგრამ ჯერ არ ვართ 1 მილიონ ლარზე ასული მაგრამ შორს არ არის ეს წერტილიც. გარდა ამისა, ჩვენ ვცდილობთ, თითქმის ყველა საბანკო პროდუქტის ადაპტაცია გავაკეთოთ იმ სამიზნე მომხმარებლებისთვის, ვინც ჩვენ გვყავს. რა თქმა უნდა, ეს არის შინამეურნეობები, ეს არის შედარებით დაბალშემოსავლიანი მომხმარებლები და დამწყები ბიზნესები”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე ამ ეტაპზე 2 მიკრობანკია, MBC და "კრისტალი". მიკრობანკებმა 2026 წლის წლის პირველი ნახევარი მოგებით დახურეს. ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემებით მიკრობანკების ჯამური წმინდა მოგება 10.5 მლნ ლარამდე იყო.
























