ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან თითქმის 2 წლის თავზე მიკრობანკების ნაწილში მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნების შემსუბუქების საჭიროებაზე საუბრობენ.
როგორც მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, ბაზრის ამ სეგმენტისთვის დაწესებული მოთხოვნები პრაქტიკულად კომერციული ბანკების მსგავსია და საჭიროა, რომ გარკვეული რეგულაციები გამარტივდეს.
როგორც BMG-სთან MBC-ის დამფუძნებელი, გია პეტრიაშვილი აცხადებს, ერთ-ერთი რეგულაცია, რომლის გამარტივებაც საჭიროა, მიკრობანკების დეპოზიტების მოზიდვაზე დაწესებული ლიმიტებია.
კერძოდ, მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, მიკრობანკებს არ აქვთ უფლება, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემით გათვალისწინებულ ლიმიტზე ზემოთ ანაბრები მოიზიდონ.
“თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიკრობანკებზე ლიცენზიები გაიცა, დრო მოვიდა, რომ გადაიხედოს და ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყოს დიალოგი, თუ რომელი რეგულაცია საჭიროებს დაზუსტებას ან გაუმჯობესებას. ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ პირველივე ჯერზე გამოცემული ათეულობით რეგულაციიდან აბსოლუტურად ყველა აღმოჩნდეს იდეალური.
როდესაც გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა მიკრობანკების რეგულაციების გარშემო, ვფიქრობ, უკვე საჭიროა დიალოგის დაწყება. დღეს მიკრობანკებისა და კომერციული ბანკების რეგულაციები პრაქტიკულად ემთხვევა ერთმანეთს, არადა ამ ფინანსური ინსტიტუტების მასშტაბი მნიშვნელოვნად განსხვავდება და ვფიქრობ, რომ ეს განსხვავება მათ შორის, რეგულაციებშიც უნდა იყოს ასახული.
მაგალითად, როდესაც მიკრობანკების შესახებ კანონი შევიდა ძალაში, დეპოზიტებზე ზღვარი დაწესდა და ის გაუტოლდა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ლიმიტს. კარგია, რომ იანვრიდან ეს ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. მაგრამ ეს ვრცელდება ყველა დეპოზიტარზე.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით კიდევ შეიძლება ნაბიჯი გადაიდგას. არავინ არ აპროტესტებს, რომ ფიზიკური პირებისგან მოზიდული სახსრები უნდა იყოს სრულად დაზღვეული, მაგრამ ვფიქრობ, რომ საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები, როგორიც არის თუნდაც კომერციული ბანკები ან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, თუ ესენი დეპოზიტის სახით განათავსებენ მიკრობანკებში, ის შეიძლება არ ექვემდებარებოდეს 100 000-იან ლიმიტს და მიკრობანკებს ჰქონდეთ საშუალება, რომ დეპოზიტის სახით მოიზიდონ საფინანსო ინსტიტუტებიდან, მათ შორის კომერციული ბანკებიდანაც ლიმიტს ზემოთ დეპოზიტები.
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი სურვილი, რომელიც მიკრობანკებს გაგვაჩნია და ამის თაობაზე ვფიქრობ, რომ დიალოგი შეიძლება დავიწყოთ ეროვნულ ბანკთან”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მიკრობანკის პირველი ლიცენზია 2024 წლის დეკემბერში გასცა. ამ ეტაპზე ბაზარზე მხოლოდ ორი მიკრობანკი - “კრისტალი” და “ემბისი" ოპერირებს.
























