მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მახსენდება, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ამ მასშტაბის პრობლემა ჰქონოდა - ქუთელია

5f0454bcd7f17
ინგა მურუსიძე
07.07.20 15:35
890
"არ მახსენდება, ოდესმე საქართველოს ჰქონოდა ამ მასშტაბის პრობლემა თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ახლა აქვს", - ასე აფასებს ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებულ კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ ქვეყანაში კორუფცია არ შემცირდება.  

საქმე იმაშია, რომ 326-გვერდიანი კანონპროექტით, 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტები არის განსაზღვრული. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.

„ძალიან საგანგაშოა ეს მოთხოვნა. არ მახსენდება, რომ ოდესმე საქართველოს ჰქონოდა ამ მასშტაბის პრობლემა თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ახლა აქვს, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვეხმარებოდნენ. ეს დახმარების პაკეტიც საკმაოდ დიდია საქართველოსთვის“, - განაცხადა ქუთელიამ.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობამ თავი არ უნდა დაიმშვიდოს იმით, რომ კანონპროექტი ამ სახით არ გავა. ქუთელია დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ რედაქციას უყრიან. მისი შეფასებით, მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის თანხის 15%-ის დაკლება, მთავარი პრობლემა მიდგომა და პრინციპია, რომელიც ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობამ აშშ-ისგან მიიღო.

„ერთი მხრივ, გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-ისგან და მეორე მხრივ, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც არცერთ პარამეტრს არ აკმაყოფილებს. ეს პარამეტრებია - ინსტიტუციები, დემოკრატია და კორუფცია. ეს წინაპირობა, რაც არის 15%-იანი გაყინვა დახმარების, შეიძლება განვიხილოთ როგორც სანქციები. ანუ საქართველოს მთავრობა მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, თანმიმდევრულად მივიდა იქამდე, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა დაუწესა სანქციები, თუმცა ეს გასაკვირი არ არის, რადგან აქეთ მივდიოდით და საქართველოს მთავრობის განცხადებები, რომ ეს ერთი კონგრესმენის განცხადებაა და არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკა - სიცრუეა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო არის ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში, მაგრამ ამ სტრატეგიული ინტერესების ღალატი საქართველოს მხრიდან არის საფუძველი იმისა, რომ უფრო მკაცრი ბერკეტები განიხილოს ამერიკამ“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები