მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მესმის, რატომ შეიძლება იყოს სათაკილო და საქმიანობა შესაწყვეტი - ჯანდაცვის მინისტრი „რუსულ კანონზე“

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება შეაფერხოს „რუსულმა კანონმა“ საქართველოში უცხოური ორგანიზაციების მუშაობა. ამის შესახებ მან პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, "ყველამ სწორად დაალაგოს პრიორიტეტები".

კანონზე, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყს მიაკერებს, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ ესმის, რატომ შეიძლება ხელის შემშლელი გახდეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის მიმართულებით არაერთ პროექტს აფინანსებენ.

სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ პაციენტების პროგრამების შეწყვეტა არ ემუქრებათ და ამ მიმართულებას სახელმწიფო დააზღვევს.

„მითია, რომ რომელიმე ონკოლოგიური პაციენტი შეიძლება დარჩეს სერვისის გარეშე ამ კანონის შედეგად. ისედაც ჩემთვის გაუგებარია, ამ კანონმა რა გავლენა უნდა იქონიოს მაგალითად, როდესაც უცხოური ორგანიზაცია, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, როდესაც რომელიმე ადამიანის ჯანმრთელობისთვის საქართველოში სწევს ხარჯს. ამიხსენით, რატომ უნდა დაუკავშირდეს ეს რომელიმე პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ეს არის წმინდა წყლის ქველმოქმედება. არ მგონია, რომ ეს კანონი რამე კავშირში იყოს ადამიანებისთვის ქველმოქმედების მისიების განხორციელებაში ან რომელიმე პროგრამის განხორციელებაში. შემიძლია კატეგორიული ვიყო და ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, არც ერთ პაციენტს პროგრამების შეწყვეტა არ ემურება. თუ ამას ვინმე გადაწყვეტს, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ეს მათი ნებაა, მაგრამ ბუნებრივია, სახელმწიფო დააზღვევს სათანადოდ ყველაფერს და არავის პრობლემას არ შეუქმნის.

საზოგადოდ, როდესაც ამ კანონზე ვლაპარაკობთ, არ მესმის რატომ შეიძლება იყოს ვინმესთვის სათაკილო და რატომ უნდა იყოს საქმიანობა შესაწყვეტი, როდესაც ვასაჯაროებთ სანაქებო საქმეს. თუ ვინმე დღეს უცხოური დაფინანსებით საქართველოში კეთილ საქმეს აკეთებს, ამით უნდა იამაყონ და პატივისცემას იმსახურებენ. ნუ გადააყოლებენ ამ კეთილ საქმეს რამდენიმე ადამიანის კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესს, რომელსაც უნდა რომ ჩრდილიდან რაღაც პოლიტიკური საქმეები აკეთოს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყველამ სწორად დაალაგოს პრიორიტეტი. დიდი პატივისცემით, თითოეული ორგანიზაციის, მეგობარი სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც საქართველოში აგური აგურზე დადო, რომ ჯანდაცვის სისტემა განვითარებულიყო, ამისთვის მადლიერი ვართ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები