მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ მგონია, 2026 უძრავი ქონების რადიკალური გაძვირების წელი იყოს, შემცირებაზე საუბარი წარმოუდგენელია" - Elt building

ბინები

უძრავი ქონების ბაზარმა ზღვისპირა ქალაქში 1 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა - ამის შესახებ "კოლიერს ჯორჯიას" განახლებულ ანგარიშში წერია. ანგარიშის თანახმად, ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციები 17%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2023-2024 წლებში კლების ტენდენცია იყო.

Elt building-ის კომერციული დირექტორი ვალერ გურგენიძე BM.GE-თან საუბარში აცხადებს, რომ გაყიდვებში უცხოელების წილი კვლავ მაღალია, თუმცა გამოჩნდნენ ისეთი ბაზრები, რომლებიც წინა წლებში არც თუ ისე აქტიურები იყვნენ. კერძოდ, მისი თქმით, გააქტიურდა აზიური ბაზარი, ჩინეთი და ყაზახეთი, რაც გარკვეულწილად ტურიზმის დამსახურებაა.

რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნის ზრდასთან ერთად 2025 წელს ბათუმის უძრავი ქონების ფასმაც მოიმატა. აჭარის დედაქალაქში საშუალო შეწონილი ფასი 1252 დოლარამდე ავიდა, მაშინ როცა 2024-ში 1040 დოლარი იყო. მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრისას Elt building-ის კომერციული დირექტორი ფასების კლებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ღირებულება გაიზრდება, მაგრამ მასშტაბური ზრდის მოლოდინი არ არსებობს.

“ისრაელს გაყიდვებში თავისი სტაბილური წილი უჭირავს. რაც შეეხება აზიური ნაწილის გააქტიურებას, ეს ის ნაწილია, რომელიც მანამდე არ იყო აქტიური. ჩვენ შემთხვევაში ევროპის, მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებაზე კლება არ გვქონია, პირიქით მატება გვქონდა. უბრალოდ ცენტრალურმა აზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ, რომელიც მანამდე შედარებით მცირე წილით გამოირჩეოდა საქართველოში, გაზარდა თავისი მაჩვენებლები. ეს ძირითადად მაინც ტურიზმზე მიბმული მონაცემებია. ძალიან გააქტიურებულია ამ ბოლო წლის განმავლობაში ისევ ყაზახეთი, უზბეკეთი, მათ შორის ინდური ბაზარი, ჩინური ბაზარი, რომელიც მანამდე გაცილებით რთულად მიწვდომადი იყო.

მაქსიმალურად ვცდილობთ დაზოგვას, სადაც შეიძლება, იმიტომ რომ არ გაიზარდოს არაჯანსაღად სარეალიზაციო ფასები. თუმცა მატებას ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ბუნებრივი პროცესია. რეალურად ყველა მიმართულებით ძვირდება მომწოდებლებთან ურთიერთობა, მათ შორის ადგილზე სერვისის გაწევა ძვირდება, მათ შორის მუშახელი პირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა რადიკალურ ზრდას ჩვენ არ ველოდებით მინიმუმ ერთი წელი. არ მგონია, რომ 2026 წელი ფასის რადიკალური ზრდის წელი იყოს, შემცირებაზე წარმოუდგენელია საუბარი. თუმცა ვთვლი, რომ ლოგიკის ფარგლებში განვითარდება ფასის ზრდის დინამიკა", - ამბობს Elt building-ის კომერციული დირექტორი ვალერ გურგენიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები