მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, აზერბაიჯანმა გაძვირებული ელექტროენერგია მოგვაწოდოს“ - მერაბ ლომინაძე

მერაბ ლომინაძე

რუსული ენერგოგიგანტი Inter RAO 1-ლი ოქტომბრიდან ელექტროენერგიის ექსპორტს აზერბაიჯანში, ჩინეთსა და მონღოლეთში შეაჩერებს ან შეზღუდავს, თუ კონტრაგენტები 7%-ით გაზრდილ ფასს არ გადაიხდიან.

გადაწყვეტილება 21 სექტემბერს ფედერაციის მთავრობის მიღებულ დადგენილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, 1-ლი ოქტომბრიდან 2024 წლის ბოლომდე საქონლის ფართო სპექტრზე 4-7%-იანი საექსპორტო გადასახადი წესდება, რომელიც რუბლი დოლარის გაცვლით კურსზე იქნება მიბმული.

Inter RAO აანონსებს, რომ ექსპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა სამომავლოდ საქართველოსა და თურქეთსაც შეეხება.

რუსეთის ენერგოგიგანტის ამ გადაწყვეტილებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვან გაძვირებას არ ელის კომპანია "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი. მერაბ ლომინაძის განმარტებით, ამ ეტაპზე რთულია თქმა, გაუძვირებს თუ არა რუსეთი საქართველოს ელექტროენერგიას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ამ ტიპის გადაწყვეტილებამ ფასებზე დიდი გავლენა მოახდინოს.

„ზოგადად ჩვენზე დიდი გავლენა რუსული ელექტროენერგიის ფასის 7%-ით ზრდამ არ უნდა იქონიოს. არც ის მგონია, რომ აზერბაიჯანმა გაძვირებული ელექტროენერგია მოგვაწოდოს, რადგან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი გვაწვდის ელექტროენერგიას, რომლის გენერაციაც ძირითად შემთხვევაში ხდება თბოელექტროსადგურების მიერ აზერბაიჯანულ მხარეს, რომელსაც აქვს თავისი ფიქსირებული ხარჯი, შესაბამისად იქ ფასის მომატება არ მოხდება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს 7%-იანი გაძვირება ჩვენთან პრაქტიკულად შეუმჩნეველი უნდა დარჩეს.

სამომხმარებლო ტარიფზე პრაქტიკულად ეს არ იმოქმედებს, მით უფრო წლის 2/3 გავლილი გვაქვს. 7%-იანი ზრდა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამას ვერ ვიგრძნობთ. ამის საპირწონე ნებისმიერ შემთხვევაში რისკების ჰეჯირების თვალსაზრისით იქნებოდა ადგილობრივი გენერაციის განვითარება, რის საშუალებასაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ჯგუფები არ აძლევენ ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე საინვესტიციო ჯგუფებს“,- აცხადებს BM.GE-სთან მერაბ ლომინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები