ელექტროენერგიის კვალიფიციურ მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმპორტირებულ არმატურაზე მოსაკრებლის დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო.
როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-სთან განაცხადა, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ადგილობრივი კომპანიები დემპინგური იმპორტისგან დაიცვა და საშუალება მისცა, რომ წარმოება გაეგრძელებინათ.
თუმცა მისივე თქმით, მხოლოდ გადასახადის დაწესება ფოლადის სექტორში არსებულ გამოწვევებს ვერ გადაჭრის. მისი თქმით, დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ქვეყანაში ენერგორესურსებზე, მათ შორის ელექტროენერგიაზე არსებული მაღალი ტარიფებია.
„უკანასკნელ პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ფიქსირდება ელექტროენერგიაზე და ზოგადად ენერგომატარებლებზე [ფასის] მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რაც შესაძლებლობას ზღუდავს, რომ ქვეყანაში განვითარდეს ენერგოტევადი დარგები, ისეთები, როგორიც არის მეტალურგია, თანამედროვე ტექნოლოგიები, მონაცემთა ბაზები და ა.შ. რეალურად, ეს ფაქტორი ძალიან ზღუდავს ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობას იმ ქვეყნების პროდუქციასთან მიმართებით, რომლებიც არიან ჩვენი მეზობლები - იქნება ეს რუსეთის ფედერაცია, ირანი თუ თურქეთის რესპუბლიკა.
ამ სიტუაციაში გამოსავალი იყო და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად მართებულად იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ დაწესდა პროტექციონისტული პოლიტიკის ფარგლებში დამატებითი გადასახადი, რომლითაც შეიზღუდა უცხოური პროდუქტის იმპორტი საქართველოში. ამით მოხდა ადგილობრივი მრეწველობის დაცვა იმ დემპინგური ფასად შემოტანილი პროდუქციასთან მიმართებით, რომელიც ხორციელდებოდა ამ პერიოდში.
ვფიქრობ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს ვერ იქნება პერმანენტული და ალბათ, ზოგადად პოლიტიკა იმ ენერგოტევადი დარგების მიმართ, როგორიც მათ შორის გახლავთ ფოლადის წარმოება, საჭიროებს გადახედვას. ამ შემთხვევაში, ჩვენ საქართველოში არმატურის წარმოება, ფოლადის მილების წარმოება გვაქვს და მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ამ დარგებს ეგრძნოთ თავისი განვითარება, გაფართოება და ბაზარზე უფრო დიდი წილით წარმოდგენა, რადგანაც საქართველოში დღეს დეველოპერული ბიზნესი და ზოგადად მშენებლობა ერთ-ერთ მოწინავე დარგია. მას აუცილებლად სჭირდება მშენებლობისთვის სამშენებლო მასალა, კერძოდ ფოლადის ნაწარმი. სწორედ ამიტომაც უნდა ვეცადოთ, რომ ის ადგილობრივი მეწარმეები, რომლებიც არიან ბაზარზე, მათ დავუჭიროთ მხარი და იმ იმპორტირებულ პროდუქტთან მიმართებით მათი კონკურენტული უპირატესობა გავუზარდოთ. საქართველოში იგივე არმატურის მოხმარება თვეში დაახლოებით 55-60 ათასი ტონაა. აქედან ადგილობრივი მეწარმეები მხოლოდ მეოთხედის, მაქსიმუმ ნახევრის დაკმაყოფილებას ახდენენ. დანარჩენის იმპორტი ხდება ისეთი ქვეყნებიდან.
ამ საფასურის შემოღება არის პრევენციული ზომა, თუმცა ეს არ გახლავთ პრობლემის გადაწყვეტის მასშტაბური და კომპლექსური გზა. ამიტომ ჩვენ უნდა დავუფიქრდეთ, თუ რა არის ის აუცილებელი გარემოებები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს ამ დარგებისთვის და ერთ-ერთი გახლავთ ენერგომატარებლების სიიაფე. თუნდაც ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დღეს საქართველო მოწინავე რიგებში არის არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ზოგადად ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში.
თუნდაც წინა თვეში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, კვალიფიციური გადამხდელი ელექტროენერგიის იხდიდა დაახლოებით 9 ცენტის ოდენობას მთლიან ელექტროენერგიაში. მაშინ როდესაც იგივე ტიპის საწარმო თუნდაც აზერბაიჯანში, თუნდაც სომხეთში, ერთ შემთხვევაში იხდის დაახლოებით 3.9 ცენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში 6.4 ცენტს. რადიკალური სხვაობაა ამ მონაცემებს შორის და შესაბამისად, ის უპირატესობა, რომელიც მათ გააჩნიათ ჩვენს საწარმოებთან მიმართებით, ეს ჯერჯერობით სახეზეა.
ეს საფასური არის პრევენცია, რომ კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში არ ჩავარდეს საწარმოები, თუმცაღა ეს ვერ გახდება საწინდარი იმისა, რომ მოხდეს დარგის შემდგომი განვითარება, რაც ასე აუცილებელია არა მარტო მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ამ დარგზე უკვე დამოკიდებული მიმართულებებისთვის, იგივე ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.
ცნობისთვის, არმატურის იმპორტზე დაწესებული 420-ლარიანი მოსაკრებელი 2027 წლის 1 მარტამდე იქნება ძალაში - ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. აქამდე მოქმედი დადგენილებით ეს მოსაკრებელი 2026 წლის 1 სექტემბრამდე იყო ძალაში.
























