მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ ბიზნესს ვეხმარებით, ხოლო მეორეს პრობლემას ვუქმნით - "ბემონი" არმატურის იმპორტის გადასახადზე

გიორგი მირცხულავა

სამშენებლო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ იმპორტირებულ არმატურაზე მოსაკრებლის დაწესებამ სექტორს პროდუქცია გაუძვირა და სამუშაოების თვითღირებულება გაუზარდა.

როგორც კომპანია „ბემონის“ დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, მოსაკრებლის დაწესების შემდეგ კომპანიების ნაწილი ადგილობრივი წარმოების არმატურაზე გადაერთო, თუმცა მისი თქმით, მსგავსი ტიპის ზომებს როგორც ყოველთვის ორი მხარე აქვს.

გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა მისაღებია, თუმცა მეორე მხრივ, სამშენებლო კომპანიებს ხარჯები გაეზარდათ.

„როდესაც შემოიღეს [მოსაკრებელი], ყველა ხელშეკრულება, რაც მანამდე იყო გაფორმებული, გაძვირდა. ეს გადასახადი შემოიღეს იმიტომ რომ უფრო იაფი პროდუქცია შემოდიოდა ბაზარზე და ქართული სამშენებლო კომპანიები ყიდულობდნენ უფრო იაფ არმატურას, რაც ფიზიკურად არ აძლევდა საშუალებას ქართული არმატურის წარმოების განვითარებას.

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა გზით, არის მისასალმებელი, იმიტომ რომ როდესაც განვითარდება ადგილობრივი წარმოება, ეს არმატურის იქნება თუ სხვა სამშენებლო პროდუქციის, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვისაც კარგია და სამშენებლო კომპანიებისთვისაც. მაგრამ თუ ამ მხარდაჭერას გავლენა აქვს უკვე სამშენებლო კომპანიებზე, რომლებიც თავიანთ გათვლებში ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად იყიდონ სამშენებლო პროდუქცია, ხარისხიანი, რა თქმა უნდა, მაგრამ იაფი. თუ ასეთი დახმარება მათ ამას უძნელებს, მაშინ ჩვენ ერთს ვეხმარებით, ხოლო მეორეს ვუქმნით პრობლემას. ამიტომ სახელმწიფომ ასეთ დროს რაღაც ბალანსი უნდა იპოვოს, რომ კარგი საქმეც გააკეთოს, მაგრამ სამშენებლო კომპანიებსაც არ გაუძვიროს ისედაც გაძვირებული მშენებლობის ხარჯი. შეიძლება სხვანაირი გზით დაეხმაროს [არმატურის ბიზნესს]. სხვა გადასახადი შეუმციროს, რომ მათი თვითღირებულება უფრო იაფი გახდეს და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

ცნობისთვის, არმატურის იმპორტზე დაწესებული 420-ლარიანი მოსაკრებელი 2027 წლის 1 მარტამდე იქნება ძალაში - ამას ითვალისწინებს მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. აქამდე მოქმედი დადგენილებით ეს მოსაკრებელი 2026 წლის 1 სექტემბრამდე იყო ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები