მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსისტემამ „ბემონს“ გადამცემი ხაზების მშენებლობაზე ₾63-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა

გიორგი მირცხულავა

სახელმწიფო ელექტროსისტემამ ორი გადამცემი ხაზის მშენებლობა/რეკონსტრუქციისთვის კომპანია "ბემონს" 63 მლნ ლარის ხელშეკრულება გაუფორმა.

კერძოდ, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოები:

  • 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „ლიახვი 1-2“-ისა და „ურბნისის“ გაორჯაჭვიანება;

  • 220 კვ ძაბვის ეგხ „ლომისი 1-2“-ის რეკონსტრუქცია-გაორჯაჭვიანება.

პროექტის ჯამური ღირებულება 62 900 000 ლარს შეადგენს. ტენდერში ჯამში სამმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ "ბემონი ინჟინერია და მშენებლობას" თავდაპირველად 65 650 000 ლარი ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა კომპანიის მფლობელი გიორგი მირცხულავა ამბობს, რომ საბოლოოდ სახელმწიფოსთან 62.9 მლნ ლარზე მოხდა შეთანხმება.

"ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში და ტენდერის შემდეგ მიდის ხოლმე მოლაპარაკება, გარკვეული დაზუსტება საბოლოო ფასზე, ასე ვთქვათ, შეჯერება და შემდეგ მივედით მაგ ციფრამდე, რაც ორივე მხარისთვის მისაღებია", - ამბობს მირცხულავა BMG-სთან.

შერჩეულმა კომპანიამ ობიექტების სრულად დასრულებულ მდგომარეობაში ჩაბარებასა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველყოს. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები და საგამოცდო გაშვება ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში დაასრულოს, ხოლო ექსპლუატაციაში მიღება უზრუნველყოს მშენებლობის დასრულებიდან 6 თვეში.

პროექტზე მოქმედებს 3-წლიანი საერთო საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. ამასთან, ცალკეულ კომპონენტებსა და მასალებზე (მაგალითად, მაღალი გამტარობის სადენი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი გვარლი, ანტიკოროზიული დაცვა) დაწესებულია 4-დან 5 წლამდე სპეციალური საგარანტიო ვადები.

პროექტების განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება შიდა ქართლში მშენებარე განახლებადი ენერგიის ობიექტების ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრაცია და ქსელის გამტარუნარიანობის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები