მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მგონია, კობახიძეს ეკონომიკის პოლიტიკა ჰქონდეს, რაც გასაგები იქნება ადამიანისთვის - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

არ მგონია, რომ კობახიძეს ეკონომიკის პოლიტიკა ჰქონდეს, რომელსაც კონტურები ექნება და გასაგები იქნება ადამიანისთვის, ვისაც ეკონომიკა ესმის, - ასე გამოეხმაურა „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ახალარჩეული პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებების შეფასებისას, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ აღნიშნა, რომ მთავრობის ცვლილებით ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

„გუშინ ვუსმენდი [კობახიძეს] და ინფლაცია და მსგავსი ტერმინებიც არ ესმის, რა შინაარსის მატარებელია. არ მგონია, რომ ამ ცვლილებით რაიმე შეიცვალოს „ეკონომიკური პოლიტიკასთან“ მიმართებით. 12 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებას გასაგები ეკონომიკური პოლიტიკა არც ჰქონია, რომელსაც ადამიანი წაიკითხავდა და გაიგებდა იმას, თუ რა პოლიტიკის მატარებელია ეს ხელისუფლება. ისინი უბრალოდ პოპულისტები არიან. მე ველოდები, რომ ეს გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი კობახიძის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის სიღარიბეზე საუბრობს და ამბობს, რომ 0% სიღარიბე არის ოცნება, რომლის ახდენისკენაც მთავრობა 2024-2028 წლებში იქნება მიმართული.

„ლამაზი ფრაზაა 0% სიღარიბე, თუმცა არ ესმის ამ ადამიანს, რომ სიღარიბე არის ფარდობითი ცნება, ყველაფერი არის შედარებითი. ეს ქვეყანა როცა შეძლებული ქვეყანა გახდება, და ამის მჯერა, მაშინაც ამ ქვეყანაში იქნებიან შედარებით მდიდარი და შედარებით ღარიბი ადამიანები. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი გზა არსებობს ამ სამყაროში და ეს არის ეკონომიკის სწრაფი განვითარება და ქვეყნის სწრაფი გამდიდრება. ამას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები ბევრი მიმართულებით.

ჩვენ როგორც ქვეყანას ისედაც ბევრი რისკი გვაქვს, რის გამოც ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას ერიდებიან. რისკები დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც, ასევე ის, რომ დრო სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩვენთან მუშახელი საკუთარი ცოდნით და უნარებით არ არის მომზადებული თანამედროვე შრომის ბაზრისთვის. რისკების სია საკმაოდ ვრცელია. თუმცა არის რაღაცები, რის შეცვლაც შესაძლებელია სწრაფად, მაგრამ ამ რაღაცების შეცვლა დაკავშირებულია იმასთან რომ მათ [„ქართულმა ოცნებამ“] ძალაუფლება უნდა დაკარგონ. ეს მაგალითად დაკავშირებულია, პირველ რიგში ზოგადად საკუთრების დაცვასთან, ეს პირდაპირ კავშირშია სასამართლოსთან, რომ უნდა არსებობდეს ქვეყანაში სასამართლო, რომელსაც ნდობა ექნება, მაგრამ სასამართლო რომ კონტროლიდან გაუშვან, ეგ ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები