არ მგონია, რომ ჩინელები ააშენებენ ანაკლიის პორტს, მგონია, რომ ეს პროექტი შეჩერდება, - ამის შესახებ ICC- Georgia-ს თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.
"არ მგონია, რომ ჩინელები ამის აშენებას მოახერხებენ. თეორიულად, თუ ასე გაგრძელდება, ეს შექმნის უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქვეყანაში და მოიზიდავს უფრო მეტ არალეგიტიმურ ინვესტორს, სხვადასხვა სექტორში ინვესტორებისთვის, ვინაიდან ჩინეთის მხარის უკან დაფინანსების მხრივ, სავარაუდოდ, რუსი ოლიგარქები დგას.
გულწრფელად რომ გითხარით, ეს იყო ძალიან ცუდი იდეა [ჩინელების შემოყვანა], ასე რომ გაკეთდა. თუმცა, ცხადია, რომ ივანიშვილს ეს არ აღელვებს, ცდილობს ყველგან თავისი გეგმა გაიტანოს. შეიძლება გეგმა B აქვს, მაგრამ ეს პოლიტიკა მართლა ანადგურებს ეკონომიკას ქვეყანაში", - განაცხადა ფადი ასლიმ.
მისი თქმით, ყველა ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, მათ შორის "რუსული კანონი", ე.წ. ოფშორების კანონი, ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის შემოყვანა, მიდის მოსკოვისკენ.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავვარდეთ რუსეთის ხელში. ეს კეთდება არამხოლოდ დიპლომატიურად, არამედ აგრესიულად და დასავლეთის ანტაგონიზების მეშვეობით“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა - ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა - China Communication Construction Company Limited წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან. კერძოდ, 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.