დავით დოიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება კულტურის მინისტრს, თინათინ რუხაძეს არ მიუღია. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, რუხაძე უბრალოდ გადაწყვეტილების შემსრულებელი აღმოჩნდა.
"აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის, რაზეც თიკა რუხაძემ ხელი მოაწერა, მისთვის სიკვდილის ტოლფასია, მართლა მჯერა ამის. მეტსაც ვიტყვი, თუ ეს [ჩემი განთავისუფლება] არ მოხდა უფრო ჩქარა, მგონია, რომ ესეც თიკა რუხაძის დამსახურებაა, რადგან, ალბათ, ძალიან დიდხანს წელავდა ამ პროცესს. საბოლოო ჯამში, არ მგონია, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა და ყოველ შემთხვევაში, მინდა ამის მჯეროდეს, უბრალოდ ის აღმოჩნდა შემსრულებელი",- განაცხადა დოიაშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების შესახებ თავდაპირველად სოციალური ქსელიდან შეიტყო, ხოლო შემდეგ მეილზეც მიიღო შეტყობინება.
"ქართული ოცნების" კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის განცხადება , რომლითაც ცნობილი გახდა, რომ დავით დოიაშვილს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს, 16 აპრილს გავრცელდა.




























