განათლების ექსპერტის, მარიამ რამინაშვილის შეფასებით, სკოლებში ერთიანი სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღება ვერ პასუხობს განათლების სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებს და არსებობს რისკი, რომ ამ ინიციატივამ გარკვეულწილად ნეგატიური გავლენაც იქონიოს.
2026-2027 სასწავლო წლისთვის I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო ხდება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფორმა პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო და მისი ღირებულება სტანდარტულ ტანსაცმელზე 30-50%-ით იაფი, დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. ამასთან, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ხარჯს სახელმწიფო სრულად დაფარავს. ინიციატივის მიზნად კი მშობლების ფინანსური ტვირთის შემცირება და პროცესის სახელმწიფო კონტროლი სახელდება.
მარიამ რამინაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ თქვა, რომ ერთი შეხედვით, სასკოლო ფორმების შემოღება შესაძლოა პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმებოდეს, თუმცა საკითხის სიღრმისეული ანალიზი საპირისპიროს აჩვენებს. „შეიძლება ზედაპირულად ვინმემ იფიქროს, რომ ფორმების შემოღება მისაღებია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, ვხედავთ, რომ ამაზე პრაქტიკულად არ ყოფილა მსჯელობა და არც ნათელია, რა სარგებელი უნდა მოიტანოს. პირადად მე არ მიმაჩნია, რომ სასკოლო ფორმა ამცირებს უთანასწორობას - პირიქით, შესაძლოა ინდივიდუალიზმის გაქრობის სიმბოლოდ იქცეს და სოციალური სხვაობები სხვა ნიშნებით კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს“, – აცხადებს ექსპერტი.
რამინაშვილის შეფასებით, ინიციატივა უფრო „ვიზუალური სიახლის“ შექმნას ემსახურება, ვიდრე განათლების სისტემის შინაარსობრივ გაუმჯობესებას : „ეს უფრო ჰგავს მცდელობას, საზოგადოებას აჩვენონ თითქოს მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, თუმცა რეალურად საგანმანათლებლო პროცესზე პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს და უბრალოდ დამატებითი ხარჯი იქნება“.
ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ სხვა, უფრო მწვავე პრობლემებზე, რომელთა გადაჭრაც, მისი თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. მაგალითად, ის მიუთითებს გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სკოლების მშენებლობის პრობლემებზე.
„თუ დღეს მკითხავთ, რა არის ნომერ პირველი პრობლემა განათლებაში, დაუფიქრებლად ვიტყვი – სკოლების მშენებლობის გაჭიანურება. ეს არ აზიანებს მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთა სკოლებიც არ შენდება, არამედ იმ სკოლებსაც, სადაც ისინი დროებით გადაჰყავთ. ერთი არაშენებული სკოლა ავტომატურად ქმნის პრობლემას მეორე სკოლაშიც – იზრდება მოსწავლეთა რაოდენობა, ირღვევა სასწავლო პროცესის ხარისხი და სტაბილურობა“, – ამბობს რამინაშვილი.
მისივე თქმით, ეს ვითარება უარყოფითად აისახება როგორც აკადემიურ შედეგებზე, ისე მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. „მოსწავლეს სჭირდება სტაბილურობის განცდა. როდესაც წლებია დადის სკოლაში, რომელიც „მისად“ არ მიაჩნია, რთულია ვისაუბროთ ხარისხიან განათლებაზე ან სოციალური უნარების განვითარებაზე. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მომავალში მათ მოქალაქეობრივ ცნობიერებაზეც“, – აღნიშნავს ექსპერტი.
რამინაშვილი ასევე საუბრობს, რომ გადატვირთულ სკოლებში ინფრასტრუქტურა ვეღარ გამოიყენება სრულფასოვნად, რის გამოც მოსწავლეებს ნაკლებად ეძლევათ დამატებითი აქტივობების შესაძლებლობა.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სახელმწიფოს შეუძლია სხვა ქვეყნების წარმატებული გამოცდილების გაზიარება. მაგალითად, ის ასახელებს ესტონეთის მოდელს, სადაც სასკოლო კვების პროგრამამ დადებითი გავლენა მოახდინა როგორც მოსწავლეთა ჩართულობაზე, ისე აკადემიურ შედეგებზე. „ჩვენ შეგვეძლო მსგავსი პრაქტიკის დანერგვა, თუმცა ამის ნაცვლად ვირჩევთ უფრო მარტივ გზებს, როგორიცაა ფორმების შემოღება“, – ამბობს ის.
მისი შეფასებით, განათლების სისტემაში პრობლემებია როგორც კადრების, ისე ანაზღაურების მიმართულებითაც. რამინაშვილი აღნიშნავს, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების არსებული მიდგომა არ არის ეფექტიანი და ხშირად, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. „რამდენიმე გამოცდის გამოცხადება პრობლემას არ წყვეტს. საჭიროა სისტემური მხარდაჭერა და მასწავლებლების მომზადება, რაც დღეს პრაქტიკულად არ ხდება“, – აცხადებს იგი.
ექსპერტი ასევე აკრიტიკებს მასწავლებელთა ანაზღაურების მოდელს. მისი თქმით, არსებული სისტემა ვერ ასახავს რეალურ შრომას და საერთაშორისო პრაქტიკისგან მნიშვნელოვნად ჩამორჩება. „მასწავლებლის შრომა უნდა ფასდებოდეს არა მხოლოდ ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობით, არამედ დაგეგმვისა და შეფასების პროცესითაც. დღეს არსებული ანაზღაურება არ არის ადეკვატური და ხშირად პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია,“ – ამბობს რამინაშვილი.
მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასწავლო რესურსების დეფიციტია : „სასწავლო რესურსი არ არის ფორმა. რესურსია ის მასალა და ინსტრუმენტი, რაც მასწავლებელს სჭირდება მოსწავლის მოტივაციისთვის. ამ მიმართულებით სახელმწიფო პრაქტიკულად არ ზრუნავს“, – აღნიშნავს ექსპერტი.
საბოლოოდ, რამინაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა არასისტემური მიდგომაა. „ვიდრე სახელმწიფოს არ ექნება გრძელვადიანი, მკაფიო პოლიტიკა და არ განვითარდება სისტემა ერთიანი ხედვით, მსგავსი ფრაგმენტული ინიციატივები შედეგს ვერ მოიტანს", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა ზრდის ქაოსისა და კორუფციული რისკების ალბათობასაც.
ექსპერტი დასასრულს აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა სიმბოლურად ასახავს სიტუაციას, როდესაც სისტემა მოძრაობს გაურკვეველი მიმართულებით: „როდესაც არ იცი, სად მიდიხარ, საბოლოოდ აღმოჩნდები იქ, სადაც არ გინდა. დღეს, სწორედ ასეთ მდგომარეობაშია განათლების სისტემა“, – აცხადებს მარიამ რამინაშვილი.




























