მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მინდა ამაზე ფიქრიც კი“ - ფინანსისტი გარკვეული პირების შესაძლო ფინანსურ სანქციებზე

სანქციები
სტატიაში საუბარია:

“არ მინდა ამაზე ფიქრიც კი“, - ასე უპასუხა ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა კითხვას - რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ფინანსურ სანქციებს საქართველოს საფინანსო სექტორზე?

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარის განვითარება არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული პირების დასანქცირებას, ეს რისკის ქვეშ აყენებს სრულად საფინანსო სექტორს და ქვეყანას.

„პირდაპირ გეტყვით, არ მინდა მაგაზე ფიქრიც კი, იმიტომ, რომ ეს სანქციები არ შეეხება მხოლოდ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებსაც შესაძლოა, VISA და Mastercard-ი არ მოემსახუროს, გადარიცხვები ვერ შეასრულონ, არამედ, შესაძლოა, ის შეეხოს მთლიანად საბანკო სექტორს. რატომ? იმიტომ, რომ ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ თუ მთავრობაში მნიშვნელოვანი პოზიციის ადამიანები პირობითად დასანქცირდებიან, (იმედია ეს არ მოხდება) ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი ბანკები მათ არ მოემსახურონ. შიში მაქვს, რომ „მოუწევთ მომსახურება“, რითაც რისკავენ საკორესპონდენტო ურთიერთობებს. შეიძლება გამკაცრდეს დამოკიდებულება ან საერთოდ გაწყვიტონ ურთიერთობა საკორესპონდენტო ბანკებმა. ეს უფსკრულია, აქედან გამოსავალი არ არის. აბსოლუტურად იზოლირებული ვრჩებით გარე სამყაროსგან“, - ამბობს ვასილ რევიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 6 ივნისს აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველ და კერძო პირებს მოიცავს. სულ 24-დან 34-მდე ადამიანს. კონკრეტული პირები არ დასახელებულა.

მანამდე, 24 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვაზე განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები