როგორ იღებენ დასავლეთისგან სანქცირებული საჯარო მოხელეები ხელფასებს - ეს კითხვა კიდევ ერთხელ აქტუალური იმ ფონზე ხდება, რომ „ქართული ოცნების“ სანქცირებულ მაღალჩინოსანთა სია სულ უფრო ფართოვდება.
გასულ კვირაში ამ სიას „ქართული ოცნების“ კიდევ 4 მაღალჩინოსანი შეუერთდა. გენერალურ პროკურორს და კიდევ 3 პირს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. კიდევ უფრო ადრე, 2 აპრილს გაერთიანებული სამეფოს სანქციები გავრცელდა ე.წ „სასამართლოს კლანის“ წევრებად მიჩნეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე, ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე.
ამ ფონზე კი რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული, ხელფასს ოფიციალურად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა.
როგორც BMG-სთან Compliance Academy Georgia-ს დამფუძნებელი და Aml/Cft სპეციალისტი, ქეთი გოგობერიშვილი აცხადებს, იმ ფონზე, რომ ქართული საბანკო სექტორი საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილია, სავარაუდოა, რომ სანქცირებულ პირებს ისეთ საბანკო პროდუქტებთან წვდომა, როგორიცაა მაგალითად, VISA/Mastercard ბარათები, წვდომა შეზღუდული აქვთ.
ქეთი გოგობერიშვილის განმარტებით, ამ ფონზე, შესაძლოა, რომ სანქცირებული პირები ხელფასს “ქეშად” ანუ ხელზე იღებდნენ. მისივე თქმით, თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ ხელფასის მისაღებად სანქცირებულ პირებს კომერციულმა ბანკმა ლარის სტანდარტული ანგარიში გაუხსნას, რომელიც არ იქნება კავშირში საბარათე ოპერაციებთან.
თუმცა მისი განმარტებით, ამ შემთხვევაშიც ქართული ბანკები მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანის წინაშე დგებიან, რადგან მათი პარტნიორი საკორესპონდენტო ბანკების თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი ქმედებაც სანქციების რეჟიმის დარღვევად ჩაითვლება.
“დასავლეთის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციები საქართველოს საფინანსო სისტემისთვის სერიოზული გამოწვევაა, რადგან დღეს საქართველოს საბანკო სისტემა გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და მათ უწევთ ყველა ის რეგულაცია შეასრულონ, რაც დასავლეთის მიერაა დაწესებული, ეს იქნება OFAC (აშშ), ევროკავშირი თუ დიდი ბრიტანეთი. რეგულაციებთან შესაბამისობაში რომ იყოს საფინანსო ორგანიზაცია, ის ვალდებულია, ყველა ის რეგულაცია დაიცვას, რაც მას შუამავალ ბანკებთან საკონტრაქტო ურთიერთობისას, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობისას წარმოეშვება, როგორიცაა მაგალითად, VISA და Mastercard. ამიტომ გამოწვევა იქნება სანქცირებული პირებისთვის, რომ მათ რომელიმე ბანკში ხელფასი საბარათე ანგარიშზე აიღონ, რადგან ეს გამოიწვევს შეუსაბამობას სანქციების წესთან.
სანქციების გვერდის ავლაზე თუ ვისაუბრებთ, ყველაზე მარტივი გზაა, რომ ორგანიზაციამ „ქეშად“, ანუ ხელზე მისცეს ხელფასი თავისი სალაროდან სანქცირებულ პირს. ასევე, რომელიმე ბანკმა გამოიყენოს ისეთი პროდუქტი, რომელიც არაა ჩართული საერთაშორისო სისტემაში, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, სტანდარტული ანგარიში. თუმცა ამ პროდუქტის შეთავაზებაც რისკია ბანკისთვის, რადგან გამოდის, რომ ის დაარღვევს შეთანხმებას, რაც მას შუამავალ ბანკებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს დადებული. შესაბამისად, გაუჭირდება საქართველოს საბანკო სისტემას რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე, მოემსახუროს რომელიმე სანქცირებულ პირს. სანქციის დარღვევად ჩაითვლება რადგან თუკი შენი გიწერენ ხელშეკრულებაში, რომ არ უნდა მოემსახურო სანქცირებულ პირს, არ აქვს მნიშვნელობა, რა პროდუქტი იქნება სანქცირებული პირისთვის შეთავაზებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი ბანკები არ გაუწევენ სანქცირებულ პირებს მომსახურებას და ასეთ რეპუტაციულ რისკს საკუთარ თავზე არ აიღებენ“, - განაცხადა ქეთი გოგობერიშვილმა.
ცნობისთვის, დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, მათ ნაწილს მხოლოდ სავიზო შეზღუდვები აქვს დაწესებული, ნაწილზე კი ფინანსური სანქციებიც ვრცელდება.