მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების და იზოლაციის შემთხვევაში, ერთ დღეში ჩამოიშლება საბანკო სისტემა - გიორგი ქადაგიძე

ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, თუ ქვეყანას სანქციები დაუწესდება, ეს უარყოფითად აისახება მთლიანად საბანკო სექტორზე. ქართულ საბანკო სისტემაზე საერთაშორისო სანქციების გავლენის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"ძალიან ბევრი შრომა გვაქვს ჩადებული ძალიან ბევრ ადამიანს იმისთვის, რომ მიგვეღო ასეთი ფინანსური სისტემა, თავისი ინფრასტრუქტურის შესაძლებლობისა და ლიდერობის თვალსაზრისით. გასაგებია, რომ კრიტიკა შეიძლება კონკრეტული ბანკის და ქმედებების მიმართ გქონდეს და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ობიექტური კრიტიკაა, მაგრამ როგორც ასეთი, საბანკო-ფინანსური სისტემა ჩვენთან გამართულია, ადამიანებს დაავიწყდათ, რას ნიშნავს დაკარგული ანაბარი ან გაკოტრებული ბანკი, გადარიცხვები წამებში ხორციელდება, ტექნოლოგიები ჩართულია - ეს ყველაფერი ბევრი ადამიანის შრომის შედეგია.

უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების და იზოლაციის შემთხვევაში ერთ დღეში ჩამოიშლება ეს ყველაფერი. მეტსაც გეტყვით, ლიბანში იყო ასეთი შემთხვევა (და ლიბანი, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფინანსური თვალსაზრისით არაბული ქვეყნების შვეიცარიაა, სადაც არაბული კაპიტალია დაგროვებული) იქ სიდიდით მეორე ბანკმა განაცხადა, რომ არ შეასრულებდა საერთაშორისო სანქციებს, რადგან დასავლეთისგან ვერ მიიღო არგუმენტაცია, რატომ იყო ამდენი ადამიანი “მაგნიტსკის სიაში”. ამ გადაწყვეტილებას მხარი იქაურმა ცენტრალურმა ბანკმა დაუჭირა. ამ დროს აშშ-ის ხაზინამ გააკეთა განცხადება, რომ ლიბანის საბანკო სისტემის მიმართ სპეციალური ზომების გატარების საკითხის განხილვას დაიწყებდა. საკითხის განხილვას და არა - სანქცირებას. ამ ერთმა განცხადებამ ისეთი პანიკა გამოიწვია, რომ გადადგა იმ ბანკის მენეჯმენტი, ცენტრალური ბანკის მენეჯერი და ა.შ.",- განმარტავს გიორგი ქადაგიძე.

როგორც სებ-ის ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, ლიბანისა და ამერიკის მაგალითი მნიშვნელოვანია, რადგან ქართული საბანკო სისტემა გლობალურ ქსელში სწორედ ამერიკული ბანკების მეშვეობითაა ჩართული.

"ამერიკის ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის 26%-ია, დოლარი მთავარი ტრანზაქციული ვალუტაა. მთელი საქართველოს საბანკო სისტემა ჩართულია გლობალურ ფინანსურ სისტემაში ერთი ევროპული და ორი ამერიკული ბანკის მეშვეობით. ნებისმიერი გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში, ონლაინ შოპინგი, ვიზა, მასტერქარდი… საბოლოო ჯამში გადის ორი ამერიკული ბანკის ბექ ოფისში. იქ ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ, რომლებიც ხედავენ, რომ ტრანზაქცია შედის ქვეყნიდან, სადაც "მაგნიტსკის სიით" არიან სანქცირებული მაღალჩინოსნები. მათი თვალთახედვით, საქართველო უკვე დგას დიქტატორული რეჟიმის გზაზე და, რა თქმა უნდა, ტრანზაქციებს მიანიჭებენ მაღალ რისკს, დაიწყება პრობლემა, რომელიც აისახება ყველაფერზე. ეს გარდაუვალი კრიზისია, გარდაუვალი ჭაობი - ოლიგარქია და იზოლაცია - ამ ჭაობისგან გვინდა ქვეყნის დაცვა, ამიტომ გვინდა ევროკავშირი და ევროპული ცხოვრების წესი, რომ ეს ქაოსი არ იყოს, სადაც მინისტრები არიან სანქცირებული", - აცხადებს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი.

"მაგნიტსკით" დასანქცირება პრობლემაა ამ ადამიანებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის" - ქადაგიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები