"მაგნიტსკის" აქტით დასანქცირება ამ ადამიანთა ჯგუფისთვის სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის", - ასე აფასებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისა და გდდ-ს დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ.
როგორც გიორგი ქადაგიძე BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" აღნიშნავს, "მაგნიტსკის აქტით" დასანქცირება რეპუტაციულ ზიანს აყენებს საქართველოს, რადგან ის, როგორც წესი, დიქტატორული რეჟიმების მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.
"დადგა ის დრო, რომელზეც ვამბობდით, რომ აუცილებლად დადგებოდა და გავიღვიძეთ ქვეყანაში, რომელსაც ჰყავს მაგნიტსკის სიით სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი. მაგნიტსკის სიაზე თანხმდება ცივილიზებული სამყარო, რომ ადამიანები შედიან ყველაზე უფრო გამორჩეული სისასტიკით, ადამიანის უფლებების დარღვევით, წამებით, დემონსტრანტების დარბევით, ცემით. იქ არის ბელორუსის, ასადის რეჟიმის, იემენის, უკიდურესად ჩამორჩენილი დიქტატორული რეჟიმების მაღალი თანამდებობის პირები, რაც გარდა იმისა, რომ ტოტალურად სამარცხვინოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, ასევე რეპუტაციულად გამანადგურებელია ქვეყნისთვის", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, აღასრულებს თუ არა საქართველო "მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებულ ზომებს, დასანქცირებულ პირებს, შესაძლოა, პრობლემა შეექმნათ ნებისმიერ აეროპორტში, სასტუმროში თუ ნებისმიერი საბანკო ტრანზაქციის დროს.
"ეს ძალიან სერიოზული სიაა, სადაც, მიუხედავად იმისა, თვითონ ქვეყანა აღასრულებს თუ არა, ამერიკული ბანკები ამას სავალდებულოდ მიიჩნევენ, საერთაშორისო საბანკო სისტემა სავალდებულოდ მიიჩნევს, ამიტომ შესაძლებელია, ნებისმიერი აეროპორტიდან, სასტუმროდან გამოაბრუნონ, ნებისმიერი ბარათიდან ტრანზაქცია გაუუქმონ და ნურავინ იფიქრებს, რომ არაფერი მოხდა და სხვისი ბარათით გადაიხდიან, ეს ასე არ ხდება, საკმაოდ კომპლექსური სქემაა", - ამბობს ქადაგიძე.
სებ-ის ექსპრეზიდენტის თქმით, შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირება უარყოფითად აისახება ყველა სექტორზე, მათ შორის - ბიზნესზეც, რადგან ინვესტორები საქართველოში შემოსვლისგან თავს შეიკავებენ.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეპუტაციულად ურტყამს ყველას და ყველაფერს, მათ შორის, ბიზნესსაც. როგორ წარმოგიდგენიათ, ვარ ინვესტორი და მინდა საქართველოში დავიწყო საქმიანობა, ან უკვე შემოსული ვარ და ჩემ პარტნიორთან ერთად მინდა გავაგრძელო უფრო დიდი საქმე. ამ დროს ვხედავ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ სასამართლოზე და დაცულობაზე კი არაა საუბარი, არამედ ის ადამიანი, ვინც ამის გარანტი უნდა იყოს, ყველაზე უფრო შავ კეთროვანთა სიაში თვითონაა მოხვედრილი. გასაგებია უკვე, რა გადაწყვეტილებასაც ვიღებ", - აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვახტანგ გომელაურს და მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები 19 დეკემბერს დაუწესა. მანამდე, 16 სექტემბერს, "მაგნიტსკის აქტით" დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურიც.
აშშ-ის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც.