ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა - შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა.
დღესვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.
ამ დრომდე გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების ორი მაღალჩინოსანი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური იყვნენ სანქცირებული. მათ აშშ-მა სანქციები 2024 წლის 16 სექტემბერს დაუწესა.
დღესვე ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ასევე ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.