მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხელფასი ყველა დასაქმებულს უნდა ჩაერიცხოს" - კაკაურიძე შსს-ის სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე

გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილეს არ ჰგონია, რომ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილისა [ხარება] და მილერი ლაგაზაურისთვის ხელფასის ჩარიცხვა სანქციების დარღვევა იყოს, თუმცა გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რომ მეორე თემაა ხელფასის გამოყენების ნაწილი და ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბანკი. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, აშშ-ის ფინანსური სანქციების ქვეშ მყოფი შსს-ის მაღალჩინოსნები ხელფასს ჩვეულებრივად იღებენ.

BMG დაინტერესდა, არის თუ არა ეს სანქციების დარღვევა, რის საპასუხოდაც კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ხელფასი ყველა დასაქმებულს უნდა ჩაერიცხოს, თუმცა მეორე საკითხია, რა ოპერაციებს ახორციელებს ბანკი ამის შემდეგ.

ამასთან, გიორგი კაკაურიძე დარწმუნებულია, რომ კომერციული ბანკები ზედმიწევნით აღასრულებენ საერთაშორისოდ სანქციებს.

„რაც შეეხება იმას, კომერციული ბანკები ახორციელებენ თუ არა სანქციების აღსრულებას, არის ერთი ხელფასის ჩარიცხვა, რომელიც ყველა დასაქმებულს უნდა ჩაერიცხოს. ადამიანის უფლება არის, რომ თუ იმუშავებს ხელფასი მიიღოს და ამ უფლებას ვერ შეზღუდავს ვერავინ, თუმცა გამოყენების ნაწილი არის მეორე თემა. ბანკი რა ოპერაციებს ახორციელებს ამის შემდგომ, ეს უკვე ბანკის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ არც უფლება გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია ვიცოდეთ, ამიტომ არ ვფლობთ ინფორმაციას, რა ოპერაციებს ახორციელებს კომერციული ბანკები ამ ადამიანებთან მიმართებით.

დარწმუნებული ვარ, კომერციული ბანკები ზედმიწევნით აღასრულებენ იმ საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს, რომლებიც არის და შესაბამისად, არ დააყენებენ რისკის ქვეშ მათ შორის არც მათ კომერციულ ინტერესებს და ფინანსური სექტორისთვის არც რაიმე სხვა რისკებს შექმნიან. იურიდიული ნაწილია, რას გულისხმობს სანქცია და რას არ გულისხმობს, ამიტომ უნდა ჰკითხოთ იმ წარმომადგენლებს, ვინც ამაში უშუალოდ ჩართულები არიან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება საკითხს რიგი მოქალაქეებისთვის საერთაშორისო გადარიცხვების შეფერხების შესახებ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, მინისტრის მოადგილის თქმით, საკითხზე ინფორმაცია არ აქვს.

„არ მიწევს საზღვარგარეთ თანხის გადარიცხვა და არ მაქვს ინფორმაცია გადარიცხვის შეფერხების თაობაზე“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები