მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მინდა იყოს განცდა, რომ ოფისებში ვართ და არაფერს ვაკეთებთ“ - აზარაშვილის პასუხი პროტესტს

63c530ff4d83f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 15:09
682
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მიმართულებით დასაქმებულთა პირობების გასაუმჯობესებლად უწყება ყველაფერს აკეთებს და გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ ხელფასის გაორმაგების მოთხოვნა უწყების შესაძლებლობების ადექვატური არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ სასწრაფო დახმარების მედპერსონალის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებზე გაჟღერებული მოთხოვნების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ცხრა სსიპ-ს აერთიანებს და მათი მხრიდან ანალოგიური მოთხოვნის წამოყენება შესაძლებლობებს აღემატება.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.

„სასწრაფოს ექიმს თითოეულ მორიგეობაზე დღეში 10%-იანი ზრდით 250 ლარი აქვთ დარიცხული. ამასთან სხვა ექიმებს, რომლებსაც ძალიან მძიმე სამუშაო პირობები აქვთ, მაქსიმალურად გვერდით ვუდგავართ და ვცდილობთ, ეს ყველაფერს ერთ რეალობას მოვარგოთ. გასული წლის განმავლობაში მათ ე.წ. პრემია მივეცით, ჩვენ უწყებაში შემავალ არც ერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია და ბონუსი არ აუღია. ასევე დაზღვევაზე იყო სხვადასხვა სპეკულაცია, ჩვენ ნოემბრის ბოლოს მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება დავიწყეთ. 

სადაზღვევო პირობები საშუალოდ ორჯერაა გაუმჯობესებული, სწორედ ამ გაუმჯობესებისა და მნიშვნელოვნად გაძვირებული სადაზღვეო პრემიების გამოა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. მეორე თვეა მიმდინარე ტენდერი გასაჩივრებულია და დავების საბჭოზე ელის განხილვას, ეს იქით არის მიმართული, რომ სადაზღვევო პაკეტი გავაუმჯობესოთ და ხელფასი, რასაც ჩვენ ვუხდით. ასევე ოფისების უდიდეს ნაწილში დავიწყეთ სამუშაო პირობების შექმნა, ასევე პირველად ცალკე ვაკეთებთ თბილისის სასწრაფოსთვის ოფისს, რომელიც რამდენიმე თვეში გაიხსნება, ეს ის მაქსიმუმია, რაც შეგვიძლია. ასევე ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს აქტიურად. არ მინდა ისეთი განცდა დარჩეს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ ოფისებში და არაფერს ვაკეთებთ.

კონკრეტულად ხელფასის გაორმაგებაზე საუბარი... ჩვენთან შემოდის კიდევ 9 სსიპ-ი, ყველამ რომ ხელფასის გაორმაგების მოითხოვოს, ეს ყველას შეუძლია, მაგრამ ეს ხომ იმის ადექვატური უნდა იყოს, რა შესაძლებლობაც გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებულები ხელფასის გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გასული წლის მაისიდან პერიოდულად გამოსვლებს მართავდნენ. უწყებასა და სასწრაფო დახმარებაში დასაქმებულთა შორის გარკვეული შეთანხმებაც შედგა, თუმცა 2023 წლის დასაწყისში სასწრაფო დახმარების მუშაკებმა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია კვლავ გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები