მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არ მჯერა, რომ დიდი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციის წინააღმდეგ - ალავიძე საჯარო მოხელეების დაკავებებზე

ნიკოლოზ ალავიძე

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი ნიკოლოზ ალავიძე მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების დაკავება რეალურად კორუფციასთან ბრძოლას მიზნად არ ისახავს.

როგორც ალავიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით ბოლოდროინდელი დაკავებები უფრო მეტად “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზეა გათვლილი და არა ქვეყანაში რეალურად არსებული მასშტაბური კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ.

„ჯეოქეისის“ მრჩევლისთვის ასევე ნაკლებად დამაჯერებელია, რომ საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეებში მხოლოდ დაბალი და საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.

“ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაკავებები [კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით] გააქტიურებაა, ეს არის რაღაც დაბალფასიანი, დაბალბიუჯეტიანი, უხარისხო კომედიური ჩვენება, რომელიც პატარა ჯგუფზე, [“ქართული ოცნების”] მომხრეებზეა გათვლილი. ჩვენ ვიცით, ქვეყანაში კორუფციის მოცულობა რამხელაცაა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის [საჯარო მოხელეები], ვინც ასე საჩვენებლად, ვითომ შეფარულად დააკავეს, იმ ადამიანებმა მარტოებმა, დამოუკიდებლად გაფლანგეს ამხელა თანხები, ეს არავინ არ იცოდა და რაღაც დიდი ბრძოლა გამოცხადდა კორუფციის წინააღმდეგ. მე ვერ ვხედავ კორუფციასთან ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს ეს კორუფცია, როგორც ფინანსური, მატერიალური, ისე კომპეტენციიდან გამომდინარე”, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეების დაკავებები გააქტიურდა.

დღეს, 1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი, თორნიკე კაპანაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. საქმე ეხება ბიუჯეტიდან თანხების დაუფლებას.

ამასთან, 28 ივლისს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ორ ყოფილ მაღალჩინოსანს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები