არ მსურს კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის' ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
"არ მსურს კომენტარის გაკეთება, დიდი ბოდიში", - უთხრა "მთავარ არხს" ბაჩიაშვილმა. მასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს bm.ge, თუმცა ბაჩიაშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო. პროკურატურის განცხადებაში ის გ.ბ.-ს სახელით არის მოხსენიებული, რომელიც სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია. BMG პროკურატურასაც დაუკავშირდა, იმის გასარკვევად, ვინაა ინვესტორი და ვინ შეიტანა საჩივარი, მაგრამ მეტს ჯერჯერობით არც იქ ამბობენ. პროკურატურის განცხადებაში საუბარია მითვისებულ 8 253 ბიტკოინზე, რომელთა ღირებულებაც "მითვისების" პერიოდში იყო 39 მილიონი დოლარი. (დღევანდელი კურსით ეს პორტფელი 258 მილიონი დოლარი ღირს).
საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 19:00 საათზე ჩაინიშნა.