მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა

ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაწყებული არ არის. ამის შესახებ BMG-ის ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა უთხრა.

საქმე ისაა, რომ ოთხჯერ გადადების შემდეგ, ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 27 მარტს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქმეზე ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხებოდა.

როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატი ამბობს, სასამართლოს პირველი არსებითი სხდომა აპრილში ჩაინიშნა, თუმცა მოსამართლის ინიციატივით გადაიდო და მას შემდეგ აღარ ჩანიშნულა.

ადვოკატის განმარტებით, სხდომის ჩანიშვნის გაჭიანურება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ბაჩიაშვილი პატიმრობაში არ იმყოფება, შესაბამისად, ვადებიც შემჭიდროებული არ არის, თუმცა მახარაშვილის თქმით, მაინც დიდი დრო გავიდა.

"აპრილში იყო ჩანიშნული პირველი არსებითი სხდომა, მოსამართლის ინიციატივით გადადო და დღემდე არ ჩანიშნულა თარიღი. 2-3-ჯერ მივწერეთ კიდეც სასამართლოს, პასუხი არ მიგვიღია“,- აღნიშნა ლევან მახარაშვილმა BMG-სთან.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები