თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაიკითხება. აღნიშნული შესახებ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას შეეხებოდა.
"აბსოლუტურად ყველა პირი დაიკითხება, რომელიც სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაშია მითითებული, თქვენ მოისმინეთ, ეს საჯარო იყო. კი ბატონო, არის დაზარალებული დასაკითხ პირთა სიაში, შესაბამისად, ყველა პირი დაიკითხება იმ საერთო წესების დაცვით, როგორც ხდება სასამართლოში დაკითხვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან.
გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, ოთხჯერ გადადების შემდეგ, დღეს გაიმართა.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.