მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია Shine Energy-ში მიიჩნევენ, რომ მცირე და შედარებით დიდი ზომის ელექტროსადგურების პროექტებზე ნებართვების გაცემის პროცესი განსხვავებული უნდა იყოს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, აუცილებელია, რომ მცირე, 2 მეგავატამდე სიმძლავრის მზის სადგურების პროექტებზე ნებართვა უფრო გამარტივებული წესით უნდა გაიცემოდეს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კერძო სექტორს შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია უკვე აქვს.
“არ შეიძლება, რომ 2-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურს და 20-მეგავატიან ან 100-მეგავატიან სადგურს ერთნაირი პროცესი და [მშენებლობისთვის] ერთი ნებართვის დრო სჭირდებოდეს, ვინაიდან 2-მეგავატიანი სადგური ბევრად მარტივად შეიძლება აშენდეს და ის ნაკლებად უსაფრთხოა ქვესადგურისთვის და ზოგადად ქსელის დატვირთვისთვის. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს [მცირე და დიდი ზომის პროექტები]. ამ საკითხზე ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს შესაბამის უწყებებთან.
პირველ რიგში, გასათვალისწინებელია რეგიონების დეტალური ენერგეტიკული ანალიზი, სად რა დატვირთვაა და სად რა რესურსი არსებობს სიმძლავრის მიერთების თვალსაზრისით. ნებართვების და რეგულირების მკაფიო და გამარტივებული პროცედურები, რაც 2 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში იძლევა გენერაციის დივერსიფიკაციას. კერძოდ, დიდი სიმძლავრე არ იქნება კონცენტრირებული ერთ არეალში. ქსელის გაძლიერების თვალსაზრისით, რეგიონული ქსელები უფრო თანაბრად დაიტვირთება და შექმნის მოდერნიზაციის წინაპირობას. ამასთან, 2 მგვტ-მდე ობიექტები სისტემის მართვას უფრო გაამარტივებს. ასეთი ზომის სადგურების მშენებლობა და ქსელთან ინტეგრაცია ბევრად სწრაფია, რაც ეკონომიკაზე დადებითად აისახება", - განაცხადა ნინო გადელიამ.




























