მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია RC Omza Ozer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე პორტფელში 133 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დასრულებული პროექტები ექნებათ.
როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ვაჟა ფანჩულიძემ “საქმის კურსთან” განაცხადა, კომპანიამ ოპერირების ერთი წლის განმავლობაში უკვე დაასრულა მარნეულში 65 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, კიდევ ერთი სადგურის მშენებლობის დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.
„RC Omza Ozer Energy Solutions-ის ძირითად საქმიანობას მზის ენერგეტიკული სადგურების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე არის ის, რომ იგი ორი საკმაოდ მძლავრი კომპანიის სინერგიის შედეგად შეიქმნა. ეს გახლავთ ქართული სამშენებლო კომპანია „არსი კონსტრაქშენი“, რომელიც ქართულ სამშენებლო ბაზარზე უკვე 10 წელია, ოპერირებს და ჩვენს პორტფელში სხვადასხვა სირთულის უკვე 300-ზე მეტი წარმატებით დასრულებული პროექტია. რაც შეეხება მეორე კომპანიას, ეს არის თურქული Omza&Özer, რომელიც უკვე 15 წელია, ოპერირებს და თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1000 მეგავატზე მეტი მზის ელექტროსადგურების სამშენებლო სამუშაოები.
სწორედ ამ გაერთიანებამ, კოლაბორაციამ მოგვცა ის შედეგი, რომელზეც დღეს შემიძლია, ვისაუბრო. დღეს ჩვენს პორტფელში ერთი უწყვეტი წლის განმავლობაში დასრულებული 65 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გვაქვს ერთ ლოკაციაზე - მარნეულის მუნიციპალიტეტში. ამჟამად მიმდინარეობს მეორე, ანალოგიური სიმძლავრის ქვესადგურზე მუშაობა. ეს არის 68 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური, რომლის სამუშაოებიც დავიწყეთ სექტემბერში. დაგეგმილი გვაქვს, რომ სამუშაოებს დავასრულებთ მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს და საერთო ჯამში, ეს იქნება უკვე ჩვენს მიერ ერთი წლის ჭრილში დასრულებული 133 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა”, - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.
RC Omza Ozer-ს მმართველი პარტიონიორი ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ინვესტორების მხრიდან მზის ენერგიის მიმართ ინტერესი მზარდია.
“საკმაოდ საინტერესო ეტაპზე გადადის მზის ენერგეტიკის მიმართულება საქართველოში. საკმაოდ დიდია მოთხოვნა. თუ ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით ერთი-ორი ან მცირე მასშტაბის სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, დღეს უკვე საკმაოდ თამამი განაცხადები კეთდება. უკვე ათეულობით და ასეულობით მეგავატიანი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზეა განაცხადები შესული. რა თქმა უნდა, მთავარია, რომ ეს განაცხადები რეალურ სადგურებად იქცეს. ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც აუცილებლად იქნება მზარდი მოთხოვნა დიდი მასშტაბის მსგავსი სადგურების მშენებლობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით გამტარუნარიანობა გაძლიერდეს. პირველი არის, რა თქმა უნდა, ქსელის გაჯანსაღება, რომ ამდენი განაცხადის გადამუშავება და მიღება შეძლოს ქვეყანამ. ზოგადად, მზის ელექტროსადგურების მიმართულებით, ვფიქრობთ, საკმაოდ კარგი პერსპექტივაა საქართველოში და ეს იქნება გარკვეული ბალიში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო კომპანიებმაც მეტი აქტივობა გამოიჩინონ, რომ ჩვენც გავაძლიეროთ ის სტრუქტურული ერთეული, ვინც კი ჩართულია, რომ შევქმნათ ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი კლიმატი”, - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.
























