"საქართველოში უკვე მოვიდა დიდი ინდუსტრიული ელექტროსადგურების ხანა" - ასე აფასებს განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტი და კომპანია Step Energy-ს თანამდამფუძნებელი საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარების გზას "საქმიანი დილას" ეთერში. როგორც ის აღნიშნავს, ამას ადასტურებს ფაქტიც, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მსხვილი სადგურების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
საქმე ისაა, რომ 2026 წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული მოცულობის - 158 მილიონი დოლარის ღირებულების მზის პანელები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2-ჯერ მეტია. იმპორტის მკვეთრი ზრდა ქვეყანაში რამდენიმე მეგაპროექტის რეალიზაციას უკავშირდება.
BMG-ის ეთერში მარკ სანდლერმა განახლებად ენერგიაზე მზარდ მოთხოვნაზე, ქვეყნის ენერგოსისტემის ინდრასტრუქტურულ გამოწვევებსა და ბაზარზე არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეალობაში დარგის მასშტაბები სრულიად ახალ ნიშნულს აღწევს.
სწრაფ ზრდას თან ახლავს სერიოზული სისტემური გამოწვევებიც. დარგის სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ბარიერი გადამცემი ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაა.
"პრობლემას რასაც ვხედავ, პირველი ქსელია. იმისთვის, რომ განახლებადი სიმძლავრეების მიერთება შეძლო, ქსელი ამისთვის მზად უნდა იყოს. ეს ცალსახა გამოწვევაა და ვიცი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
მეორე საკითხია ე.წ. დენის გათიშვები და შეზღუდვები. წელს სისტემამ სიმძლავრეები დააგდებინა პრაქტიკულად ყველა გენერაციის წყაროს, მათ შორის მზესაც. ეს პრობლემა სხვა ქვეყნებშიც (თურქეთში, სომხეთში, ევროპაში) იჩენს თავს, თუმცა ჩვენთან წელს განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო. ქსელში სულ უფრო მეტი სიმძლავრე შედის და ჭარბი გენერაციის დაბალანსება და ადგილზე მოხმარება მარტივი არ არის. ამას დაემატა თურქეთის ბაზარიც, სადაც ადგილობრივი მზის სადგურების სიმრავლის გამო ექსპორტი საგრძნობლად გართულდა", - განმარტავს Step Energy-ს თანადამფუძნებელი.
სანდლერის თქმით, ჭარბი გენერაციის დაბალანსებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება: ადგილობრივი მოხმარების წახალისება (დატაცენტრების განვითარება, ელექტრომობილებზე გადასვლა), მეზობელ ქვეყნებთან ბარტერული შეთანხმებები და მსხვილ მომხმარებლებთან კოორდინაცია, რათა პიკური გენერაციის საათებში წარმოება გაიზარდოს.
რაც შეეხება მცირე და საშუალო გენერაციას - ნეტო-აღრიცხვის სისტემას, სანდლერის განმარტებით, აღნიშნულმა მექანიზმმა თავისი როლი უკვე წარმატებით შეასრულა:
"ნეტო-აღრიცხვა თავის დროზე ხელშეწყობისთვის, გარკვეული სუბსიდიის სახით ამოქმედდა - მომხმარებელი ქსელის გადასახადს არ იხდიდა და საკუთარ მოხმარებას სრულად ქვითავდა, რამაც ბიზნესი ძალიან დააინტერესა. სემეკმა თავდაპირველი კვოტა პიკური მოხმარების 8%-დან 20%-მდეც კი გაზარდა. თუმცა, ნებისმიერ სუბსიდიას აქვს თავისი ლიმიტი.
ევროპულმა ქვეყნებმაც ზუსტად ეს გზა გაიარეს: ნეტო-აღრიცხვის ეტაპის ამოწურვის შემდეგ, ბუნებრივი გაგრძელებაა ენერგეტიკულ ბირჟაზე გადასვლა და საათობრივი ვაჭრობა. ბირჟის ამოქმედება მოხსნის ბევრ ბარიერს, გააჩენს მოქნილ ფასებს და გაზრდის ეფექტიანობას - მომხმარებელმა ეცოდინება, რომელ საათზეა ელექტროენერგია იაფი და მოხმარებასაც შესაბამისად დაგეგმავს", - ამბობს სანდლერი.
როგორც მან "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნა, სექტორის ტრანსფორმაციის კვალდაკვალ, საქმიანობის არეალს კომპანია Step Energy-ც აფართოებს. გარდა იმისა, რომ კომპანია თავად არის მზის პროექტების დეველოპერი და კონტრაქტორი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს განსაკუთრებულ აქცენტს ენერგიის დაგროვების - აკუმულატორების სისტემების განვითარებაზე აკეთებს.
მარკ სანდლერის განცხადებით, აკუმულატორების დაყენებას ამ ეტაპზე ორი ძირითადი დანიშნულება აქვს:
-
დიზელ-გენერატორების ჩანაცვლება: ობიექტებისთვის, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება ხშირად წყდება, თანამედროვე აკუმულატორი გაცილებით კომფორტული და ეკონომიური ალტერნატივაა - არ საჭიროებს საწვავს, ხასიათდება დაბალი ცვეთით და არ ქმნის საოპერაციო სირთულეებს.
-
ქსელს მიღმა დარჩენილი ობიექტების ენერგომომარაგება: საქართველოში კვლავ არის რეგიონები, სადაც ცენტრალური ქსელი არ მიდის (მაგალითად, კახეთის სასაზღვრო ზოლში). ასეთ ლოკაციებზე განვითარებულ სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის საწარმოებს Step Energy სრულად ავტონომიურ ჰიბრიდულ სისტემებს სთავაზობს: დღისით ენერგიას მზის პანელები გამოიმუშავებს, აკუმულატორები კი მას აგროვებს, რაც ობიექტის 24-საათიან უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ მზის პანელების იმპორტის მკვეთრი ნახტომი ქვეყანაში რამდენიმე მეგაპროექტის რეალიზაციას უკავშირდება. მათ შორისაა მარნეულში გერმანული "Voltares Energy"-ის ინვესტიციით მშენებარე 73-მეგავატიანი მზის სადგური და ჩინური კორპორაცია Sungrow-ს შვილობილის, "იტეკ მარნეულის" 105-მეგავატიანი პროექტი სოფელ იაღლუჯაში. პარალელურად, ნარჩუნდება ინტერესი მცირე ზომის კომერციული ობიექტებისა და საოჯახო მეურნეობების მხრიდანაც.
























