მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამოცანა მხოლოდ მშენებლობა არ არის - მზის სადგურმა 30 წლის შემდეგაც უნდა იარსებოს" - ASTORIOS Holding

ლელა კურტანიძე

"მშენებლობა არ არის მთავარი ამოცანა - მთავარი ისაა, რომ 30 წლის შემდეგ ამ მზის ელექტროსადგურმა კიდევ იარსებოს და გამართულად იმუშაოს", - ასე აფასებს მზის ენერგეტიკის სექტორის მთავარ გამოწვევას ASTORIOS Holding Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი ლელა კურტანიძე.

დარგის განვითარების პერსპექტივებზე, ენერგიის დაგროვების სისტემებსა და ქართველი მეწარმეებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის ეკონომიკურ სარგებელზე ლელა კურტანიძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში, 26-27 ნოემბერს დაგეგმილი საქართველოს ენერგეტიკის ფორუმისა და გამოფენის (GEEF) წინ ისაუბრა.

"ასტორიუსი" რეგიონში სრული ციკლის უნიკალური პროფილით ოპერირებს - კომპანია თავად აწარმოებს მზის პანელებსა და ენერგიის დაგროვების წყაროებს, უზრუნველყოფს სრულ საინჟინრო, შესყიდვებისა და მშენებლობის სერვისს და შემდგომში აშენებული ობიექტების პროფესიონალურ ოპერირებასა და ექსპლუატაციას ახორციელებს.

ლელა კურტანიძის შეფასებით, საქართველოს ბაზარმა მზის სადგურების მშენებლობის საწყისი ეტაპი უკვე წარმატებით გაიარა და ახლა მთავარი აქცენტი ხარისხსა და გრძელვადიან საიმედოობაზე უნდა გაკეთდეს.

"დღეის მდგომარეობით, მზის ელექტროსადგურების მშენებლობა ასე თუ ისე უკვე ვისწავლეთ და შეგვიძლია. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავად ვართ მწარმოებლები - ზუსტად ვიცით, რა არის პროდუქტის ხარისხი და რა სტანდარტის ტექნოლოგია უნდა შემოდიოდეს ქვეყანაში," - აცხადებს ლელა კურტანიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ბაზარზე მაღალი კლასის პროდუქციის შემოსვლა უმნიშვნელოვანესია, თუმცა წინ კიდევ უფრო მასშტაბური ამოცანა დგას: "ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავაკეთოთ, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით დიდი, ინდუსტრიული ზომის მზის ელექტროსადგურების მშენებლობის სწავლაა. მშენებლობა არ არის მთავარი ამოცანა - მთავარი ისაა, რომ 30 წლის შემდეგაც ამ ელექტროსადგურმა გამართულად იარსებოს. ჩვენ, მაგალითად, საკუთარ პანელებზე 30 და 35-წლიან გარანტიას გავცემთ. ეს ნიშნავს, რომ თავად სადგურის მთლიანმა ინფრასტრუქტურამაც უნდა იმუშაოს ისე, რომ პანელმა თავისი სიცოცხლისუნარიანობა სრულად ამოწუროს",- აღნიშნავს ლელა კურტანიძე.

"ასტორიუსის" ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება კომერციული და ინდუსტრიული სექტორის ენერგეტიკულ თვითუზრუნველყოფაზე გაამახვილა. მისი თქმით, კომპანიამ საქართველოში საკუთარი მოხმარებისთვის 24-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ააშენა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სანიმუშო პროექტია.

"24-მეგავატიანი მზის ელექტროსადგური ჩვენს პარტნიორს აძლევს შესაძლებლობას, წლის ჭრილში 38 მილიონი კილოვატ-საათი ენერგია გამოიმუშაოს. ეს არის ენერგია, რომელიც მას ეკუთვნის, ანიჭებს რეალურ ენერგოდამოუკიდებლობას, საგრძნობლად უმცირებს წარმოების თვითღირებულებას და მის პროდუქციას ბევრად უფრო კონკურენტუნარიანს ხდის," - აღნიშნავს კურტანიძე.

მისი თქმით, GEEF-ის ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა იმისთვის, რომ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ეს პრაქტიკული გამოცდილება უშუალოდ გაიზიარონ: "ძალიან გამიხარდება, თუ სხვადასხვა ინდუსტრიიდან მეწარმეები დაესწრებიან ამ კონფერენციას, რადგან ეს მაგალითები თვალსაჩინოა და მისი გადაღება ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს."

ქსელის სტაბილურობისა და ენერგიის ეფექტიანი განაწილების მიზნით, "ასტორიუსი" ქვეყანაში ენერგიის დაგროვების სისტემების აქტიურ დანერგვას გეგმავს. ლელა კურტანიძის თქმით, ბატარეების ტექნოლოგია მზის ენერგიას სრულად გარდაქმნის და მას კიდევ უფრო მეტ მოქნილობას შესძენს.

"ჩვენ უკვე მკაფიოდ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ საქართველოში მზის ენერგიის დაგროვების წყაროები - BESS-ი შემოვიტანოთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს განახლებად ენერგეტიკას, განსაკუთრებით კი მზის სექტორს, ბევრად უფრო მოქნილს, სტაბილურსა და ხელმისაწვდომს გახდის," - ამბობს "ასტორიუსის" აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები