"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები ძალიან მყარია. როგორც მან "იმედის" ეთერში განაცხადა, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება.
„ეს რეგულაცია ეფუძნება ორ ძირითად არგუმენტს - პირველი არის ის, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა იურისდიქციაში, ის ექვემდებარება შესაბამისი იურისდიქციის გავლენას, ამ დროს ამომრჩეველი, როდესაც ის აკეთებს არჩევანს, მხოლოდ საკუთარ იურისდიქციას უნდა ექვემდებარებოდეს და საკუთარი იურისდიქციის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, იყოს დაცული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი. მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ინფორმაციის წყარო არის სხვადასხვაგვარი და არსებითად შეგვიძლია, ორ ნაწილად დავყოთ, ეს არის გაფილტრული და გაუფილტრავი ინფორმაცია. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ის მთლიანად არის დამოკიდებული გაფილტრულ ინფორმაციაზე. ეს არის, მათ შორის მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის სოციალური მედიიდან მიღებული ინფორმაცია, ეს არის თუნდაც ახლობლებისგან მიღებული ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია ინტერპრეტაციას ექვემდებარება და გაფილტრულია, გარდა ერთისა. ერთადერთი ინფორმაციის წყარო, რომელიც არ ექვემდებარება გაფილტვრას, ეს არის შენი თვალით დანახული გარემო. საბოლოო ჯამში, ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ადამიანს შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფილტრული ინფორმაციის მიღმა იღებს გაუფილტრავ ინფორმაციასაც, თავად ეცნობა იმ გარემოს, რაც არის შექმნილი ქვეყანაში და ამის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ამ თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის თაობაზე. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამომრჩეველი როდესაც აკეთებს არჩევანს, მას მინიმალური წვდომა მაინც უნდა ჰქონდეს გაუფილტრავ ინფორმაციაზე, ამისათვის აუცილებელია, რომ ადამიანი მოკლე ხნის განმავლობაში მაინც იყოს ნამყოფი საქართველოში, ვიდრე გააკეთებს კონკრეტულ არჩევანს. აქ ძალიან მყარია არგუმენტები.
რაც შეეხება იმას ვიწრო პოლიტიკური ინტერესი არის თუ არა აქ - იცით, როგორი იყო სტატისტიკა, 35 ათასზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რაც იყო მაქსიმალური მაჩვენებელი. იცით, რომ ძალიან მაღალი იყო აქტივობა და ეს აისახა, მათ შორის დიასპორაზეც, აქაც კი 35 ათასზე ნაკლები იყო აქტივობა დიასპორის ნაწილში. შესაბამისად, ვერავითარი არსებითი გავლენა ვერ ექნებოდა დიასპორის მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ აქ ჩვენი გადაწყვეტილება არის დაცლილი ვიწრო სუბიექტური ინტერესებისგან. აქ გვამოძრავებს სუფთა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის ინტერესი.
მინიმალური გაუფილტრავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს, როდესაც ის აკეთებს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს. აქ არგუმენტები არის ძალიან მყარი. არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაც, აქედან გამომდინარე, როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე ზოგადად რაციონალიზმის კუთხით, ამ გადაწყვეტილებას არ აქვს არავითარი ნაკლი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




























