მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება ეს სფერო იქ დავტოვოთ, სადაც ასი წლის წინ იყო" - თინა მახარაძე სოფლის მეურნეობის გამოწვევებზე

შვეიცარიული სკოლა

შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" დირექტორმა, თინა მახარაძემ BMGtv-ის ეთერში იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც დღეს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების მიმართულებით არის.

როგორც თინა მახარაძე აღნიშნავს, IT სექტორისგან განსხვავებით ეს სფერო ნაკლებად პოპულარულია ახალგაზრდებში. მისი განმარტებით, შვეიცარიულ აგრარულ სკოლა "კავკასიაში" პროფესიული განათლების მისაღებად ძირითადად ის ადამიანები მიდიან, ვინც პირველადი განათლება სხვა სფეროში მიიღო და შემდეგ მიხვდა, რომ სოფლის მეურნეობა არის ის, რაც სჭირდება და აინტერესებს.

გარდა ამისა, მახარაძე ყურადღებას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს, რაც პროფესიის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.

"დიდი პრობლემაა ისიც, რომ სანამ მოსწავლე პროფესიას აირჩევს, უნდა ესმოდეს, თუ რას ნიშნავს ეს პროფესია. ძალიან ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს ფერმერი. კითხვები, რომელსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ არის:  რა ისწავლება თქვენთან? რა არის არის ფერმერი? ვინ ვიქნები ამ სკოლის დამთავრების შემდეგ?

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპონენტის შეტანა სკოლებში, რომ კარიერული ორიენტაცია მისცენ მოსწავლეებს. დაეხმარონ კარიერულ დაგეგმვაში და აუხსნან, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პროფესია. ეს ინფორმირებულობა, ჯერჯერობით, ძალიან აკლია ქართულ ბაზარს", - ამბობს მახარაძე.

თინა მახარაძე აღნიშნავს, ამ გამოწვევის მიუხედავად, ახალგაზრდების მიერ სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესება ბოლო პერიოდში ნამდვილად შეინიშნება.

"ძალიან საინტერესო ახალგაზრდები არიან. მართალია, ჯერჯერობით, ცოტა სტუდენტი გვყავს, თუმცა საიდანღაც უნდა დავიწყოთ. გარდა ამისა, იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ფერმერებისგან მოდის აჩვენებს, რომ ამ საქმეში ჩართული ადამიანები ყოველდღიურად ხვდებიან, რომ ეს განათლება აკლიათ", - განმარტავს თინა მახარაძე.
 
შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" დირექტორის თქმით, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს მნიშვნელოვანია, სფერო მაქსიმალურად გათანამედროვდეს და აქტიურად დაინერგოს ყველა ის სიახლე, რაც დღეს თანამედროვე ბაზარზე ხელმისაწვდომია.

"არ შეიძლება დღეს ვიხელმძღვანელოთ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებდნენ ბაბუები წარსულში და ეს სფერო დავტოვოთ იქ, სადაც ასი წლის წინ იყო. ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ და თუ ყველაფერი განვითარდა, ფერმერობაც უნდა განვავითაროთ", - აცხადებს შვეიცარიული აგრარული სკოლა "კავკასიას" დირექტორი თინა მახარაძე.

ცნობისთვის: ცნობისთვის, შვეიცარიული სკოლა „კავკასია“ დმანისში, სოფელ სარკინეთში 2021 წელს 13 მილიონიანი ინვესტიციით გაიხსნა და სასწავლო შენობასთან ერთად ფერმასა და ყველის ქარხანასაც აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები