ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებით, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციაა, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტიკა არა პრობლემის გადაჭრას, არამედ კონკრეტული პირების დასჯას ემსახურება. თემაზე "საქმიანი დილის" ეთერში „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა ისაუბრა.
ის აღნიშნავს, თუ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის სტანდატები და მიდგომები არსებობს, ისინი ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს და ბოლო პერიოდებში კორუფციაში დადანაშაულებული ყოფილი მაღალჩინოსნების მაგალითები მოჰყავს.
„ის, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან სხვა თამაშია. ალოგიკურია როცა ამბობენ, რომ ღარიბაშვილმა ბიზნესი გააკეთა სადღაც და ამ სიტუაციაში ყველამ ვიცით, რომ გვყავს თბილისის მერი, რომლის სამშენებლო ინტერესები ყველასთვის გასაგებია.
ეს რას ნიშნავს, რომ ვიღაცისთვის როცა პოლიტიკურ თანამდებობაზეა ბიზნესი ბიზნესია და ვიღაცისთვის მერე ბიზნესი კორუფციად ითვლება? თუ სტანდარტი არსებობს, ის ყველასთვის უნდა მოქმედებდეს. არ შეიძლება ერთი და იმავე ქმედება ერთისთვის გამართლება იყოს, ხოლო მეორისთვის – დანაშაული.
რაც ჰქონდათ მათ შემოსავალი ის უნდა დაასაბუთონ, თუ ბიზნესი ჰქონდათ უნდა თქვან რომ ბიზნესი ჰქონდათ და თუ ბიზნესი სხვისთვის არ შეიძლება, მაშინ არც მათთვის შეიძლება. ყველზე მთავარი - ეს რომ იყოს რეალურად კორუფციასთან ბრძოლა რიჟვაძის ეპიზოდი არ იქნებოდა ისე როგორც მოხდა, ეს არის ქურდული გარჩევა, რა დროსაც ვიღაცამ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო რაღაცას. ასეთ მიდგომას სამართალთან არაფერი აქვს საერთო.
როცა ქვეყანაში მილიონების გაფლანგვის გამო ადამიანს გირაოთი უშვებენ და ამავდროულად სხვა მოქალაქე პირბადის ტარებისთვის ციხეში ხვდება, ეს არის უსამართლობა.
ორი სისტემა არსებობს: ერთი — გამჭვირვალე, დასავლური მოდელი, რომელიც პასუხისმგებლობასა და წესრიგზეა დაფუძნებული; და მეორე — გაუმჭვირვალე, რუსული ტიპის მმართველობა. ახლა ცდილობენ მესამე მოდელის შექმნას, მაგრამ ასეთი რეალურად არ არსებობს. ამ ორი მოდელიდან კი სად ვართ მგონი ყველასთვის გასაგებია“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა.
კორუფციის ბრალდებით მხილებული პირების რაოდენობა იზრდება. გასული კვირის ბოლოს ჩამონათვალს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე, კობა გაბუნია შეემატა. მას პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება უკვე წარუდგინა.
მანამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძეც.
"ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ მიღმა შეუსრულებელი პროექტებისა, პრობლემებია ჩაბარებულ სამუშაოებშიც. საუბარია 214-დან 161 შემთხვევაზე, რომელთა ჯამური ღირებულებაც 1 მლრდ ლარს აჭარბებს.




























