“არჩევანის უფლება უნდა მიგვეცა და თავად გადაეწყვიტა მომხმარებელს - ქაღალდით ისარგებლებდა, ხით, მეტალით თუ ერთჯერადით”- ასე ეხმაურება „ლანჩ გრუპის“ გენერალურ დირექტორი ნინო მელაძე პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვის რეგულაციის ამოქმედებას.
2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აკრძალულია პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1 ივლისიდან რეგულაციის მოცვა ფართოვდება და აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
ახალ რეგულაციებზე გადაწყობისთვის ემზადება მწარმოებლების ნაწილი, თუმცა როგორც ბიზნესი ამბობს, პლასტიკის ჭურჭლის ჩანაცვლება რთულად შესაძლებელია, ალტერნატიული პროდუქტის იმპორტი კი იმდენად ძვირი ჯდება, რომ ქართული ბაზარი ამისთვის ჯერ მზად არ არის.
"მე პირადად ვერაფერი ალტერნატივა ვერ ვნახე. რაც ვნახე არის ძალიან ძვირი და მე რომ ის მოვიტანო ან დავნერგო, ან ძალიან ცოტა მეყოლება მომხმარებელი, ან საერთოდ არ მეყოლება. ფინანსურად ეს მე თვითონაც ძალიან დამაზარალებს.
არ უნდა მომხმარებელს ჩემი ძვირი ჭიქა. 5 თეთრად რომ მივყიდი ერთთეთრიან ჭიქას, რატომ უნდა უნდოდეს ხარჯის გაზრდა?!. ამას დაემთხვა ისიც, რომ საწვავი გაძვირდა, ტრანსპორტირება გამიძვირდა, ნედლეული გამიძვირდა, დატვირთვები გადაიწია, აღარ ჩამოდის გემი დროულად პორტში, ეს ყველაფერი ხომ ერთმანეთს დაემატა. ფაქტობრივად ძალიან გაჭირდა”,-აცხადებს ნინო მელაძე.
მწარმოებელს ეჭვი შეაქვს ბაზარზე არსებულ პლასტიკის ალტერნატიული ჭურჭლის ხარისხშიც. ამბობს, რომ ბაზარი ამ მიმართულებით არ კონტროლდება.
“ვინ გააკონტროლა რით ჩანაცვლდა და რამდენად მისაღებია ის ქაღალდის დაპრესილი მუყაო ამა თუ იმ წარმოებისთვის?!. ხორციან ბლინებს რომ შეფუთავს მეორადი წარმოების მუყაოს თეფშზე ადამიანი, რატომ არის ის არამავნე და რატომ სჯობია პლასტმასს მაგალითად?! მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას.
ერთი სუბიექტის აზრი თუ გაინტერესებთ, ამისთვის არ ვიყავით მზად. ერთი წელი ამისთვის ვერ იქნება საკმარისი, რომ ასეთი ძვირიანი დანადგარები მოიტანო ასეთ პირობებში და ამის შესაბამისი ნედლეული მოიტანო და წარმოება გაუშვა. ჯერ ისედაც წარმოება როგორი რთულია და კიდევ რამდენი ხელის შემშლელი ფაქტორია. ხით ან ქაღალდით არ ნაცვლდება პლასტიკი ასე მარტივად”,-აცხადებს ნინო მელაძე.




























